„ნათია არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, წარმატებული ადამიანი, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ღირსეულად ემსახურებოდა ყველა ეტაპზე.“- ამ სიტყვებით წარუდგინა გიორგი გახარიამ გლდანის მოსახლეობას პარტია „საქართველოსთვის“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი – ნათია მეზვრიშვილი.
„ერთი რამ უნდა იცოდეთ – თქვენ არ იცით მისი ერთგულების ხარისხი – თავზე გადაგყვებათ, არ გავა აქედან და დამიჯერეთ ბევრი რამ შეუძლია.“ – მიმართა გიორგი გახარიამ გლდანელ მხარდამჭერებს.
გახარიას თქმითვე, „პარტიულობას მისთვის მნიშვნელობა არასოდეს არ ჰქონდა.
“ისევე როგორც, სანამ ჩემი პარტია ჩემს სახელმწიფოს ემსახურება, რა თქმა უნდა მე მის რიგებში ვარ. როგორც კი პარტია ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენებს თავის პარტიულ ინტერესებს სავარძელს, ფულის კეთებას – რა თქმა უნდა მე სახელმწიფოსი და ქვეყნის ერთგულების ფიცი მაქვს დადებული და არა პარტიის. იგივე ეხება იმ პარტიასაც, რომელსაც ჩვენ დღეს ვაყალიბებთ. არავის არ ექნება ვალდებულება იყოს ამ პარტიის ერთგული, თუ პარტია თავის პარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენებს.“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ.
კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და ღირსება – ეს არის ძირითადი პრინციპი, რის საფუძველზეც ჩვენ ვიკრიბებით და ვერთიანდებით. ვერთიანდებით არავის წინააღმდეგ, არამედ საქართველოს მომავლისთვის. ჩვენ არავისთან ბრძოლა არ გვჭირდება. ჩვენ არავის არაფერს არ ვუმტკიცებთ და ბრძოლა, ჩვენთვის თვითმიზანი არ არის. ამან წარმოუდგენელი ისტერიკა და შიში გამოიწვია ზოგიერთებში. დღეს ზოგი ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენი მხარდამჭერი უდიდესი წნეხის ქვეშ არის – წარმოუდგენელ მეთოდებს იყენებს დღევანდელი ოცნება. დღევანდელი პარტიული ბოსები რასაც აკეთებენ, ფაქტობრივად სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებენ თავიანთი მოქალაქის წინააღმდეგ. ადამიანებს ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით თუ მაგალითად ისინი დღეს აქ მოვლენ და მხარს დაგვიჭერენ – თითქოს ეს ბიუჯეტი, ოცნების პარტიული ბიუჯეტი იყოს. ამაზე ვამბობ, როგორ გვაბრუნებენ ოცნების დღევანდელი პარტიული ბოსები წარსულში. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს დღეს ოცნება გამოიყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს, რასაც 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა იყენებდა, თუ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება და ის გამოიყენებს ამავე მეთოდებს. ნაციონალური მოძრაობა არის საქართველოს გუშინწინდელი დღე, ოცნება ხდება საქართველოს გუშინდელი დღე და ჩვენ გვინდა მომავალში ყურება, წინსვლა.“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა.
როგორც ყოფილმა პრემიერმა თქვა, დღეს “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” მოქალაქეებს არჩევანს უკლავს.
“ფაქტობრივად სულ მალე დიდი განსხვავება არ იქნება ვის მისცემ ხმას – ერთს, თუ მეორეს – საბოლოო ჯამში, შედეგობრივად მიიღებ ერთი და იმავეს – წარსულში დაბრუნებას და იმას, რომ ამ ორ უკიდურეს დაპირისპირებულ სივრცეში სივრცეში გტოვებენ და არაფერს ახალს არ გთავაზობენ ან ვერ გთავაზობენ. ეს უკვე წარსულია. ეს უკვე გამოვცადეთ, ეს უკვე ვნახეთ. ეს ხალხი ერთიც და მეორეც წარსულში გვაყურებინებს, რაც ჩვენ არ გვინდა. მე არ მითქვამს არასოდეს და არ ვიტყვი, რომ მომავალში მათი ადგილი არ არის. რა თქმა უნდა ბოლო 9 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ბევრი კარგი რამ გაკეთდა და ეს კარგი უნდა შევინარჩუნოთ, კი არ უნდა გადავხაზოთ და დავანგრიოთ იმიტომ, რომ ვიღაცის გაკეთებულია – არამედ უნდა შევინარჩუნოთ, ვიამაყოთ და ამაზე კიდევ უკეთესი დავაშენოთ.“ – ამბობს გიორგი გახარია.
ფოტოები: ცნობადი სახეები გახარიას მხარდამჭერთა გუნდის პრეზენტაციაზე - გუნდს მაკა მახარაძე უხელმძღვანელებს
მხარდამჭერთა გუნდისთვის სპეციალური სივრცე უზნაძის 4 ნომერში მოეწყო.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ქვეყნის ინტერესების გარშემო განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს შორის ეროვნული თანხმობის არსებობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ამ ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გამარჯვება აუცილებლად ნიშნავდა მისი კონკურენტის საბოლოო და ბოლომდე განადგურებას. ეს უნდა დამთავრდეს. 30 წლის განმავლობაში აი ესე ვანადგურეთ ერთმანეთი და ყველა ჯერზე ვიწყებდით ქვეყნის შენებას ნულიდან. ეს ჩვენი ძალიან დიდი პრობლემაა და ამიტომ ვთქვით ჩვენ, რასაც ზოგიერთები ვერ მიხვდნენ, რომ ვერთიანდებით, მაგრამ არავის წინააღმდეგ. ქართველები ერთმანეთს კი არ უნდა ვეომოთ, ვლანძღოთ და ვაგინოთ – არამედ ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ, რომ ნორმალური, ჯანსაღი, წარმატებული, სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ბევრ რამეზე სხვადასხვა შეხედულებები გვქონდეს, ხომ არსებობს რაღაც ზეპარტიული საკითხები, რაზეც უნდა გავერთიანდეთ – მაგალითად ოკუპაცია, პანდემიასთან ბრძოლა, ევროპული მომავალი – ეს მაინც ავიღოთ საფუძვლად, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს 2 საკითხი: პირველი, ეს არის ჩვენი ისეთი შიდა მოწყობა, რომ ერთმანეთი არ უნდა დავხოცოთ გინებით, ლანძღვით. ერთმანეთს შეიძლება არ დავეთანხმოთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც ყოველთვის უნდა შევთანხმდეთ, ამის უნარი უნდა გვქონდეს. და მეორე – ჩვენი ევროპული მომავალი – სხვანაირად ჩვენ გაგვიჭირდება ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფოს აშენება.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ოცნების ხელმძღვანელების ქმედებების მიუხედავად, მომავალში სახელმწიფოს მშენებლობაში პატიოსანი პროფესიონალების ჩასართავად პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.
„ამ ქვეყანას არ ჰყავს დასაკარგავი შვილები. ყველა ღირსეული, პატიოსანი, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანი, იმისდა მიუხედავად რომელი პარტიის წარმომადგენელი იყო ოდესღაც, ოცნების თუ ნაციონალური მოძრაობის – ეს ხალხი ჩვენ ყველა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფო ავაშენოთ. მაგრამ ეს წარმოუდგენელია, როდესაც ვიღაცა ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს და გვაცხოვროს იმ სტანდარტებით, რომლებიც იყო 15, 20 და კიდევ უფრო მეტი წლის წინ. სამწუხაროდ, რაც დღეს ხდება ოცნებაში. სამწუხაროდ, სადაც დღეს ოცნება მივიდა ამ ბოლო გაურკვეველი ქმედებებით, გულის გასატეხია. ეს იმედგაცრუებაა თითოეული ჩვენგანისთვის.“
გიორგი გახარიამ მხარდამჭერებთან გლდანისა და თბილისის განვითარების პრობლემებზეც დეტალურად ისაუბრა და უბნებსა და რაიონებს შორის რესურსებისა და ყურადღების სამართლიანად განაწილების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს – თბილისელებმა ჩვენი უფლებები თუ არ გავითვიცნობიერეთ …. შეკითხვაც უნდა დავსვათ, უნდა მოვთხოვოთ კიდეც. მომთხოვნი უნდა იყოთ – ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ რაღაც გვეშლება უნდა გვითხრათ, რომ გვეშლება და მე ასე არ ვფიქრობო. თუ რაღაცაში ვთანხმდებით – მაშინ ერთად უნდა მოვკიდოთ ხელი, წავიდეთ და გავაკეთოთ. თუ ვიღაცას ვერ ვეთანხმებით – კი არ უნდა ვლანძღოთ და ზღაპრები და ტყუილები კი არ უნდა მოვიფიქროთ – უნდა დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ – ეს ქალაქი არის ჩვენი, ამ ქალაქის ბიუჯეტიც გვეკუთვნის ჩვენ და ვიღაც რომ გვამადლის სოციალურ დახმარებას – იქეთ შეგვიძლია დავამადლოთ ხელფასი. მე ყოველთვის ასე ვცხოვრობდი და ყოველთვის ასე ვთვლიდი, რომ ქვეყნის მსახურებას ფასი აქვს მაშინ, როდესაც შენ პირადს გვერდით, მეორე ფლანგზე გადადებ და წინ საერთოს წამოწევ. თუ სახელმწიფო სამსახურში ხარ ასეა -თუ არადა წადი მაშინ ბიზნესში და აკეთე რაც და რამდენიც გინდა.“ – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრისას.