ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არჩევნების წინ წარმოგიდგენთ მედიაგარემოს შეფასების ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ძალადობის ფაქტებს მედიის წინააღმდეგ, სადაც შემდეგი საქმეები მოხვდა: 5-6 ივლისის მოვლენები, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, ვახო სანაიას საქმე, ფიზიკური ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ სხვადსხვა პერიოდში.
დოკუმენტში აღწერილია ის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ქართული მედია დგას:
- საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე სულ მცირე 23 მედიის წარმომადგენელზე 93 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა
- ხელისუფლება ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე სათანადოდ არ რეაგირებს
- დაფიქსირდა სავარაუდოდ განსხვავებული აზრის გამო ჟურნალისტის გათავისუფლებისა და მედიის ხელმძღვანელობის მიერ ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები
- მმართველი პარტიის წევრთა აგრესიულმა და მუქარის შემცველმა რიტორიკამ ყოველდღიური სახე მიიღო
- ქვეყანაში უკანონო მოსმენები გრძელდება, მათ შორის კრიტიკული მედიის ჟურნალისტების წინააღმდეგ
გრძელდება პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, მათ შორის, ტელევიზიის მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით - სოციალურ ქსელებში აქტიურია დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო სექტორისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად
წინასაარჩევნოდ მედიაგარემოს შეფასებისას ორგანიზაცია წერს, რომ აგრესიული რიტორიკა, მუქარა და შეურაცხყოფა ჟურნალისტების მიმართ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მათ შორის, სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რაც აღრმავებს არსებულ პოლარიზაციას და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას.
გარდა ამისა, განხილულია ხელისუფლების მიერ წახალისებული აგრესიის კონკრეტული მაგალითები, ხელისუფლების ბოიკოტი კრიტიკული მედიის მიმართ, ასევე, სასულიერო პირების აგრესია და ძალადობა ჟურნალისტების მიმართ.
ანგარიშში საუბარია ჟურნალისტების პროტესტზე იმ მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ, სადაც თავადვე მუშაობდნენ. კერძოდ:
- 2021 წლის აგვისტოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვეს გურამ როგავამ და თეონა ცხომელიძემ. მათ მთავარ მიზეზად არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება დაასახელეს.
- 11 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს წამყვანი ირაკლი აბსანძე. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მისი გათავისუფლების მიზეზი შესაძლოა ჟურნალისტის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები და ქმედებები ყოფილიყო.
- 16 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „იმედს“ ჟურნალისტ ანა ცხოვრებოვას განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაუდგინა. საქმე ჟურნალისტის წამყვანის ფუნქციებიდან ჩამოშორებას შეეხებოდა, რაც ანას განსხვავებული მოსაზრების გამო მოხდა.
- 2021 წლის ივლისში პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „მაესტროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვაკო ავალიანმა თანამდებობა დატოვა. მიზეზად არხზე დაწყებული სარედაქციო ცვლილებების მიუღებლობა დაასახელა. ვაკო ავალიანი მალე „რუსთავი 2-ის“ და „პრაიმ ტაიმის“ მიერ 2021 წლის მარტში შექმნილი ჰოლდინგის ერთ-ერთი დირექტორი გახდა.
- 20 მაისს ტელეკომპანია „იმედის“ „ბიზნესქრონიკისა“ და „ბიზნესი იმედზე“ გადაცემების ავტორმა და წამყვანმა ირაკლი წულაიამ განაცხადა, რომ მას ბიზნესგადაცემები დაუხურეს და 25 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს.
დოკუმენტში ცალკე ქვეთავი ეთმობა დეზინფორმაციულ კამპანიას ჟურნალისტების წინააღმდეგ, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებსა და ჟურნალისტების მასობრივ უკანონო მოსმენებს.