თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სიცრუის გავრცელებაში დასდო ბრალი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
კალაძე იმ შეკითხვებმა გააღიზიანა, რომელივ სწორედ ზემოთ აღნიშნულმა არხის ჟურნალისტმა დაუსვა.
ჟურნალისტმა მას საარჩევნო კამპანიის მრჩეველ მოშე კლუგჰაფტის გეგმის კონტექსტში ჰკითხა: „მედიაზე შეტევა ვნახეთ, 5 ივლისს სადამსჯელო ღონისძიება მოგვიწყვეთ, გახარიას კოკაინშიკი ნამდვილად უწოდეთ, რაც ეწერა კლუგჰაფტის სტრატეგიაში…“
თბილისის მერმა მას საპასუხოდ კითხვა გააწყვეტინა და თქვა, რომ „კახა კალაძეს და ქართულ ოცნებას არავისთვის არაფერი მოუწყვია“ და ჟურნალისტს მოუწოდა, „სიტყვები შეარჩიოს“.
ამის შემდეგ ჟურნალისტმა რეპლიკის სახით დაამატა, რომ ევროკავშირის ოფისთან 5 ივლისს რადიკალები მივიდნენ, რაზეც კახა კალაძემ ასე უპასუხა:
„თქვენზე დიდი რადიკალები, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობენ. თქვენ ხართ სიძულვილის, ბოროტების თავი და თავი. თუ რაიმე ცუდი შეიძლება, გაიფიქროს ადამიანმა, აი, თქვენ ხართ ამის სახე,“ – უთხრა მას კახა კალაძემ.