მსოფლიო ლიდერების, პოლიტიკოსებისა და მილიარდერების საიდუმლო გარიგებებისა და ქონებებს შესახებ ახალი მასალები გამოქვეყნდა.
საქმე ისაა, რომ გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) Guardian-თან და BBC-ისთან ერთად აქვეყნებს ოფშორული ზონების და დამალული ქონებების შესახებ ახალ დოკუმენტებს, რომლებიც Pandora Papers-ის სახელით ერთიანდება.
აღსანიშნავია, რომ Pandora Papers-ში მოხვდა საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც. მის შესახებ გაჟონილი მასალები იურიდიული ფირმა Alcogal-ის შიდა მონაცემებს ეყრდნობა. ეს ფირმა ივანიშვილისთვის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე (BVI) ოფშორული კომპანიების დაფუძნებაში ერთ-ერთი შუამავლის როლს ასრულებდა და მისი გავლით ივანიშვილმა სულ 12 კომპანია დააფუძნა. მათ შორის ერთ-ერთის, Silverpot Holdings Ltd-ის ფუნქცია სხვადასხვა კომპანიების აქციების პაკეტის ფლობა იყო. Brighton Corporate Ltd-ის მიზნად კი ივანიშვილის საკუთრებაში არსებული თანაინვესტირების ფონდის კრედიტით ფინანსირება იყო მითითებული. Pandora Papers-ის მიხედვით, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური მარეგულირებელი 2011 წელს დაინტერესებული იყო ივანიშვილის კიდევ ერთი ოფშორული კომპანიის – Finsek-ის საქმიანობით.
Pandora Papers-ის სახელით გაერთიანებულ მასალებში ჩვენი მეზობელი ქვეყნების ლიდერებიც აღმოჩდნენ. დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს მონაკოში საიდუმლო აქტივები აქვს. ილჰამ ალიევი და მისი ოჯახის წევრები კი დიდ ბრიტანეთში დიდძალი უძრავი ქონების გარიგებებში ფიგურირებდნენ.
ამავე სიაში მოხვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულ იქნა 2019 წელს დაპირებით, რომ ის გაწმენდდა უკრაინას კორუფციისგან. Pandora Papers-ის მიხედვით, საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ზელენსკიმ ოფშორულ კომპანიაში თავისი 25% -იანი წილი გადასცა ახლო მეგობარს, რომელიც ახლა პრეზიდენტის მთავარი მრჩეველის თანამდებობაზე მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ Pandora Papers-ში 35 მოქმედი და ყოფილი ლიდერის და 300-ზე მეტი თანამდებობის პირის საიდუმლო გარიგებებისა და ქონებებს შესახებაა ინფორმაცია.