ამბროლაურში მრავალფუნქციური ცენტრი აშენდება. ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, დასრულდა ქ. ამბროლაურში კოსტავას ქუჩის მიმდებარედ, მდ. კრიხულას სანაპიროზე, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული როლის გაზრდის მიზნით, მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის პროექტირება, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდება.
ამ ეტაპისთვის, სრულდება აღნიშნული ობიექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ქ. ამბროლაურის, ურბანული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საპარკინგე ადგილების (სადაც მოეწყობა ელექტრომობილების დასამუხტი აპარატები), საგამოფენო სივრცეების და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.
პროექტი, ასევე, ითვალისწინებს გარე განათების, გამწვანების სამუშაოების განხორციელებას, ადაპტირებული გარემოს შექმნას შშმ პირებისთვის, მაღალსიჩქარიანი უფასო ინტერნეტ კავშირის ხელმისაწვდომობას, საფეხმავლო სივრცეების, სკვერის მოწყობას.
საგამოფენო სივრცეებში მოეწყობა ადგილობრივი მსუბუქი რეწვის ნიმუშების გამოფენა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. შედეგად სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების მქონე ადამიანებს საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ აღნიშნული სივრცეებით, რაც უზრუნველყოფს, ამბროლაურის, როგორც რეგიონის ცენტრის ფუნქციური როლის გაზრდას.
სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყება.