LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა

57
1

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ ბეჟანიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროცესს ესწრებოდა სამივე დაკავებული – ბინის მეპატრონე ზაურ ბუდაგოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.

ადვოკატები კი აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნამდე ბრალდებულების დაპატიმრება უკანონოა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა – ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე.

“ბრალდებულებმა მოშალეს, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვანის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება.” – აღნიშნულია უწყების მიერ  გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. 

საქართველოში გლოვის დღეა – მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები