„პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები ხვალ მოსკოვში მიემგზავრებიან. ადა მარშანიას განცხადებით, შეხვედრებზე საუბარი შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ყველა საჭირბოროტო საკითხს.
“სახელმწიფო დუმაში და ფედერაციის საბჭოში გვექნება შეხვედრები, მაგრამ სახელმწიფო დუმაში ამჯერად სხვადასხვა კომიტეტის დეპუტატებს შევხვდებით, გარდა ბატონი კალაშნიკოვის კომიტეტისა. ეს იქნება მესამე ვიზიტი და იმაზე ვისაუბრებთ, რაზეც ვსაუბრობდით პირველ და მეორე შეხვედრებზე. ყოველთვის იქნება საუბარი სოხუმზე, ცხინვალზე, მცოცავ ოკუპაციაზე, ყველა იმ ძალიან მძიმე და ტრაგიკულ თემაზე, რაც რუსეთის ფედერაციასა და ჩვენს ქვეყანას შორის არსებობს.
ჩვენ გვინდა, რომარც ერთი თემა ტაბუირებული არ იყოს. ყველა საჭირბოროტო საკითხზე სასაუბროდ მზად ვართ. ვნახავთ მათ რეაქციას”, – განაცხადა ადა მარშანიამ.
ადა მარშანიასთან ერთად მოსკოვში მიემგზავრებიან “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები ნატო ჩხეიძე, გიორგი ლომია და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი. ადა მარშანიას თქმით, შეხვედრებში მონაწილეობას მხოლოდ დეპუტატები მიიღებენ.
“ჩვენ ვერ ვიტყვით ამ ვიზიტზე, რომ ეს მთლად კერძო ვიზიტია. 3 დეპუტატი რომ მიემგზავრება სასაუბროდ, ეს არ არის მთლად კერძო ვიზიტი. რასაკვირველია, ჩვენ არ გვაქვს მანდატი პარლამენტისგან, რომ ოფიციალური დელეგაცია ვიყოთ. ჩვენ ამ მანდატს და სტატუსს ვითხოვთ”, – განაცხადა ადა მარშანიამ.
“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “პატრიოტთა ალიანსი” დამოუკიდებელია თავის არჩევანში.
“ეს არის საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც დამოუკიდებელია თავის არჩევანში, ხოლო ეს არჩევანი საზოგადოებისთვის რამდენად სწორი და მისაღებია, ამაზე პასუხს გასცემს საზოგადოება,” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.