გრიპზე ვაქცინაცია დაწყებულია, მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებს საცხოვრებლის მიხედვით შეუძლიათ პოლიკლინიკებში გრიპზე აიცრან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამისთვის სულ ნაყიდია 200 ათასი დოზა ვაქცინა.
გამყრელიძემ კონკრეტულ რისკ-ჯგუფებში შემავალ მოსახლეობას გრიპის ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.
„მოგიწოდებთ დავიწყოთ გრიპზე აცრა, ვისაც ეკუთნის სახელმწიფოს მიერ შესყიდული 200 000 ვაქცინა“, — მიმართა გამყრელიძემ მოსახლეობას.
მისივე თქმით, ვაქცინა განკუთვნილია შემდეგი ჯგუფებისთვის:
- ორსული ქალბატონები,
- დიალიზზე მყოფი პირები,
- შაქრის დიაბეტით დაავადებული მოქალაქეები,
- მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფი პირები,
- საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები,
- C ჰეპატიტის მქონე ადამიანები,
- აივ ინფექციის მქონე პირები,
- 60 წლის ზემოთ ხანდაზმულები,
- პედაგოგები,
- ორგანოგადანერგილები,
- ჯანდაცვის პერსონალი,
- ვეტერინარები და საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელები.
„ამ ეტაპზე, ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ ჯგუფს, ბრძანების მიხედვით, შეუძლიათ პოლიკლინიკებში, თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სადაც გრიპზე იცრებიან, მივიდნენ და აიცრან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება სხვა პირებს, მათ ვაქცინა კერძო კლინიკებსა და ამცელ პუნქტებში უნდა მოიძიონ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამჟამად, გრიპზე 2 000-მდე პირი არის აცრილი.
“პირველი 43 000 დოზა უკვე შემოვიდა და კვირას შემდეგი 60 000-ს ჩამოიტანენ. დანარჩენი 100 000 დოზაც მალე გვექნება, რიცხვები დაზუსტებული გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.