2020 წლის 8 თვის განმავლობაში, პენიტენციური დაწესებულებებიდან სამოქალაქო კლინიკებში სამკურნალოდ 585 პატიმარი გაიყვანეს.
სტატიტიკური მონაცემები ასახულია პენიტენციური სამსახურის გასული წლის შემაჯამებელ ანგარიშში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა მიღწევაზე და ასევე, საუბარია პატიმრების მკურნალობაზეც.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წლის ივლისის მდგომარეობით, რეფერალის რიგში ლოდინის საშუალო ვადა ერთ წელიწადს შეადგენდა, 2020 წელს კი განულდა.
“2019 წლის დეკემბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრა 2017 წლიდან სამედიცინო რეფერალის რიგში მდგომი პატიმრების რიცხვის მოკლე დროში შემცირება. 2018 წლის ივლისის მდგომარეობით, ლოდინის საშუალო ვადა ერთ წელიწადს შეადგენდა. 2019 წლის ბოლოსთვის, გეგმიური სტაციონარული მომსახურება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ესაჭიროებოდა 585 პატიმარს, რომელთაგან 500 პატიმრის შემთხვევაში, რიგში ყოფნის 4-თვიანი ვადა დარღვეული იყო, ხოლო ათეულობით მათგანი რიგში 2016-2017 წლებიდან იმყოფებოდა.
2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ყველა პატიმარმა მიიღო სტაციონარული სამედიცინო მომსახურება და ე.წ. რეფერალის რიგი განულდა. ეს შედეგი მიღწეულ იქნა ფინანსების, ლოჯისტიკისა და ადამიანური რესურსის ეფექტიანი მენეჯმენტით”, – წერია ანგარიშში.
როგორც რატი ბრეგაძემ დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ამის შესახებ საუბარია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაში და მასში საუბარი არ არის სამოქალაქო კლინიკაზე.