“დღეს პირველად არის წარმოდგენილი დიდგორის ახალი მოდიფიკაცია „დიდგორი მეომარი“, სპეციალური დანიშნულების მანქანა, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სოციალურ სამსახურებთან კონსულტაციების შედეგად არის შექმნილი,” – ამის შესახებ „დელტას“ უფროსმა, უჩა ძოძუაშვილმა განაცხადა.
ძოძუაშვილის თქმით, მანქანის ძირითადი დანიშნულება იქნება საგანგებო და სპეციალური ოპერაციების ჯგუფების მხარდაჭერა, სასაზღვრო კონტროლის განხორციელება, სხვადასხვა ტიპის საარტილერიო და მობილური სისტემების მხარდაჭერა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოფენის მნიშვნელოვანი სიახლეა ახლად შეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინი“. მოედანზე ასევე, წარმოდგენილია: ეჯდერი, GM 403, MaxPro, რაფაელი, დანა, ლარ-160, „ჩინგორი“, „დიდგორი“, „ლაზიკა“, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, „ჰამერი“, RM-70; GMM-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი.
სამხედრო ტექნიკა ასევე, გამოიფინა თელავში, რუსთავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, ამბროლაურსა და საჩხერეში.