„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციას გამართავს. აქცია 17:00 საათზე იგეგმება, თუმცა როგორც პარტიაში აცხადებენ, მხარდამჭერების შეკრება თავისუფლების მოედანზე 15:00 საათიდან დაიწყება.
როგორც “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, შეკრება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დააანონსა.
“სპეკულაციებს, რომელსაც ოპოზიცია ეწევა, თითქოს ჩვენ რაიმე აქციას ვმართავთ, არანაირი საფუძველი არ აქვს, ეს არის ხანგრძლივი, დატვირთული, შინაარსობრივი, საარჩევნო კამპანიის დასასრული და კიდევ ერთხელ დაინახავს ყველა, თუ რა მხარდაჭერა აქვს ქართულ ოცნებას,“ – აცხადებს გიორგი ამილახვარი.
დღევანდელი ღონისძიების გამო რუსთაველის გამზირზე დღის მეორე ნახევარში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამ ღონისძიებით მმართველი ძალა საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დაასრულებს.
