LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩევნების მეორე ტურზე 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა: “საერთაშორისო გამჭვირვალობა”

39
1

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნების მეორე ტურის დაკვირვების შედეგები შეაჯამა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა.

ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში მთლიანობაში 23 საჩივარი დაწერეს.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობაში” აცხადებენ, არჩევნების დღის პირველი ნახევარი ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით ბევრ საარჩევნო ოლქში სიტუაცია დაიძაბა და გახშირდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები.

დაკვირვების შედეგების მიხედვით:

?  ხშირი იყო ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის და საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლის არალეგიტიმური ხერხებით აღნუსხვის ფაქტები;

?  მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ 100 მეტრის მანძილზე შეინიშნებოდა პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს;

?  პრობლემური იყო მიკერძოებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი არაერთი დარღვევა, რასაც ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კომისიებიც უწყობდნენ ხელს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია კონკრეტულ დარღვევებზე, მათ შორის:

◼  ფიზიკური დაპირისპირება საარჩევნო უბნებს გარეთ

◼  ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ფიზიკური ანგარიშსწორება

◼  დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა

◼  საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის აღნუსხვა

◼  სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების მიერ ჩადენილი დარღვევები

◼  შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესის დაყოვნება

◼  ბათილი და ნამდვილი ბიულეტენების დახარისხების დროს არსებული პრობლემები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” რეკომენდაციებით მიმართავს შესაბამის ორგანოებს:

სამართალდამცავმა ორგანოებმა სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ყველა ფაქტი;

საუბნო საარჩევნო კომისიებმა კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმები რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეადგინონ, რათა არ გაჩნდეს ეჭვი, ამ პროცესში არაგონივრული ჩარევის თაობაზე;

ცესკომ უფრო ცხადი ინსტრუქცია და რეკომენდაცია მისცეს საუბნო საარჩევნო კომისიებს ბიულეტენების ბათილად ცნობის საფუძვლების თაობაზე;

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა საარჩევნო უბნებზე მოსული ამომრჩევლების აღნუსხვისა და პერსონალური მონაცემების არამართლზომიერი დამუშავებისგან თავი უნდა შეიკავონ. ასევე, კომისიის თავმჯდომარეებმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ ზოგიერთი სადამკვირვებლო ორგანიზაციის და საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოყენებული მსგავსი პრაქტიკის დროულად აღმოსაფხვრელად;

საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციისა და სამუშაო ეთიკის შემდგომი ამაღლება, განსაკუთრებით საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს მთელი ქვეყნის მასშტაბით 250-მდე დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი.

magti 5g