რატომ უნდა დავნერგოთ სკოლებში პროექტებზე დამყარებული სწავლება და რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის მომავლის პროფესიების შემეცნება? – ეს ის მთავარი საკითხებია, რომლებზეც Future Laboratory 7 ივნისს, 16:00 საათზე სემინარს გამართავს.
სემინარის მნიშვნელობაზე „ფორტუნას” Future Laboratory-ის დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე ესაუბრა.
„სკოლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში. 12 წელი მოზარდი დღის უმეტეს ნაწილს სასწავლო დაწესებულებაში ატარებს. აღნიშნული პერიოდი ბევრ შემთხვევაში განაპირობებს, მოზარდის მომავალს. სკოლის შერჩევისას ჩვენ ბევრ ფაქტორს ვაქცევთ ყურადღებას, მაგრამ, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ბავშვის მომავალს განაპირობებს, გვრჩება უყურადღებოდ.
დავიწყოთ იქიდან, რომ სკოლებში, სწავლების პროცესი მეტნაკლებად იგივე ფორმატით ხორციელდება, როგორიც ის მე-19 საუკუნეში მიმდინარეობდა. გარკვეულწილად შეიცვალა სკოლების ტექნიკური აღჭურვილობა, მაგრამ საკლასო გაკვეთილების ფორმატი იგივე პრინციპით მიმდინარეობს. საკლასო განათლება, მერხებთან მსხდომი ბავშვებით, 40-45 წუთიანი გაკვეთილებით – მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა.
მისი მთავარი ამოცანა იყო, სტანდარტიზირებული ცოდნის გადაცემა იმ დროისათვის აგრალურ ფორმაციაში მყოფი საზოგადოებისათვის და მათი მომზადება ინდუსტრიული ეპოქისთვის. სასკოლო სწავლების პროცესი ბევრ შემთხვევაში გვაგონებს ქარხნის გარემოს, სადაც არსებობს სამუშაოს დაწყების მანიშნებელი ზარი, საჭიროა დაზეპირებული სამუშაოს შესრულება და არ არის მნიშვნელოვანი შემოქმედება. სასკოლო გაკვეთილის განმავლობაში არ შეიძლება ადგომა, გავლა, აზრის გამოთქმა (მხოლოდ ხელის აწევით) და არსებობს ბევრი სხვა შეზღუდვა.
ბავშვი პირველივე კლასიდან იზრდება პასიურ მსენელად და შემსრულებლად, რომელიც ვალდებულია, გაუნძრევლად მოუსმინოს მითითებებს, დაიზეპიროს, შემდგომ კი დავალება შეასრულოს. სკოლებში უმეტეს წილად არ ხდება ბავშვის ინტერესების გათვალისწინება და ბავშვი არ არის სწავლების პროცესში აქტიურად ჩართული, არ სწავლობს ცოდნის დაკავშირებას რეალურ ცხოვრებასთან და რეალური პრობლემების გადაწყვეტას”, – აღნიშნა ირაკლი ქაშიბაძემ.
Future Laboratory-ის დამფუძნებელმა ვრცლად ისაუბრა განათლების სისტემის ფინურ მეთოდზე და პროექტებზე დამყარებული სწავლების მნიშვნელობაზეც.
„ყველას გვსმენია ფინური განათლების სისტემის შესახებ, მაგრამ უმეტესობამ არ იცის, რომ პრინციპები, რომელიც განაპირობებს ფინური განათლების სისტემის წარმატებულობას ჯერ კიდევ 100 წლის წინ გაჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯონ დუი ის მეცნიერია, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ამბობდა, რომ სწავლება უნდა იყოს მორგებული რეალურ ცხოვრებაზე და ბავშვის ინტერესებზე, სწავლება უნდა მიმდინარეობდეს კეთების პროცესში და მოსწავლე უნდა ახორციელებდეს ცოდნის გამოყენებას, რეალური გამოწვევების და პრობლემების გადასაჭრელად. აღნიშნულ პროცესს პროექტებზე დამყარებული სწავლება ეწოდება (Project Based Learning – PBL).
პროექტებზე დამყარებული სწავლება უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვი სწავლობს საგნებს კონკრეტულ პრობლემაზე და საკითხზე მუშაობის პროცესში. ის პრაქტიკულ ცოდნას იღებს და შესაბამისად, ჩართულობით საგნით უფრო ინტერესდება, მათ შორის საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებებით.
პროექტებზე დამყარებული სწავლება განაპირობებს ბავშვის ლოიარულობის ზრდას სკოლის მიმართ, მისი ცოდნის ხარისხი იზრდება და ასევე უვითარდება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც მომდევნო 10-15 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილების 47% რობოტიზირებული იქნება. ხელოვნური ინტელექტი უკვე საკმაოდ დიდ კონკურენციას უქმნის სხვდასხვა პროფესიის ადამიანს. Google-ის ხელოვნური ინტელექტს შეუძლია უკვე ხმოვანი საუბრის წარმოება გარკვეული დავალების შესასრულებლად, მაგალითად დაჯავშნოს ადგილი რესტორანში და ა.შ სხვა ადამიანთან საუბრის შედეგად.
მოსწავლეები, სკოლის დასრულებისას აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოჩნდებიან, მათ დასჭირდება სხვა უნარ-ჩვევები, ცოდნა, გაჩნდება ახალი პროფესიები, რომელსაც სამწუხაროდ დღევანდელი განათლების სისტემა არ შეასწავლის.
21-ე საუკუნისათვის მნიშვნელოვანი ხდება ისეთი უნარ–ჩვევები, როგორიც არის: კრეატიული აზროვნება, კომუნიკაციის და კოლაბორაციის უნარი, კრიტიკული აზროვნება. მნიშვნელოვანია, დღესვე ბავშვმა დაიწყოს მომავლის პროფესიების ათვისება, ისეთის, როგორიც არის: პროგრამირება, კომპიუტერული მოდელირება, 3D ბეჭვა, ინდუსტრიული რობოტოტექნიკა, ელექტრონიკა და სხვა.
დღევანდელი სასწავლო პროგრამა და მასწავლებელი არ უზრუნველყოფს ცოდნის რეალური სამყაროს პროცესებთან, ტექნოლოგიებთან და გამოწვევებთან ბმას. მასწავლებელთა უმეტესობა, შეკითხვის დასმის შემთხვევაში – მაგალითად რისთვის სწავლობს ბავშვი მათემატიკას, გიპასუხებს, რომ ეს არის ტვინის კარგი სავარჯიშო პროცესი.
ყველა ბავშვი არის შემოქმედი, თუმცა ხშირ შემთხვევაში სკოლა განაპირობებს იმას, რომ მოსწავლე იყოს ყველანაირად შეზღუდული, მასწავლებლები და სკოლის ხელმძღვანელობა მათ ეუბნება, რომ ეს არ უნდა გააკეთოს, ესე არ უნდა მოიქცეს, იყოს ჩუმად და ა.შ. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ბავშვი გაიზარდოს პასიური და მორჩილი იყოს მოზრდილ ასაკში.
სამყაროს ცვლიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი და შესაბამისი ცოდნა, ნუ მოუკლავთ აღნიშნულ სურვილს სკოლებში”, – დასძინა Future Laboratory-ის დამფუძნებელმა ირაკლი ქაშიბაძემ.