“ბრალდების მხარემ წარადგინა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისი იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თვალსაზრისით.” – ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქმესთან დაკავშირებით პროკურორმა დავით კიკაჩეიშვილმა განაცხადა.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეებს, დაზარალებულებს, ასევე მტკიცებულებებს, რომელიც ქარდავას საქმეში ციხეში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით არსებობს.
“საქართველოში მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმიდან, სისხლის სამართლის 5 საქმეზე უკვე არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის, ისეთ მძიმე კატეგორიის დანაშაულის საქმეებზე, როგორიც არის სერგო თეთრაძის წამებისა და “კასრების საქმე”, რაზეც მას ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ასევე ის, მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის და ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე პატიმართა წამების ფაქტებზე. მიმდინარე 6 სისხლის სამართლის საქმიდან ერთ-ერთი იყო ის საქმე, რომლის პროცესიც გაიმართა, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში 3 პატიმრის წამების ფაქტს ეხება.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარემ წარადგინა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისი იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თვალსაზრისით.” – თქვა კიკაჩეიშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებული მეგის ქარდავას სასამაღთლო პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.
მან სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს განხორციელდა. მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.