სალხინოს მონასტერში დაკავებული 7 პირიდან ორის გარდა ყველა გათავისუფლებულია. ერთ-ერთი განკვეთილი სასულიერო პირი, ბერი ათინოგენე სახალხო დამცველის მხრიდან რეაგირებას იხოვს და ამბობს, რომ მათი უფლებები ირღვევა.
“დაიჭირეს, შალვა ხელიდან ამართვეს, პირველი ჯგუფის ინვალიდი, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს და უჭირს გადაადგილება. მას აბრალებენ მილიციაზე ზეწოლას.” – აცხადებს ბერი ათინოგენე.
ბერი ომბუდსმენს მიმართავს, რომ მათი უფლებების დარღვევის ფაქტით დაინტერესდეს.
უკვე რამდენიმე დღეა ჭყონდიდის ეპარქიაში დაძაბული ვითარებაა. მიტროპოლიტ სტეფანეს წინააღმდეგ სალხინოს მონასტრის მიმდებარედ აქციები იმართება და გროვდება ხელმოწერები. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირებისას გუშინ 2 პირის დაკავებაც მოხდა.
ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდამჭერები ეპარქიის ახალ მმართველს, მღვდელმთავარ სტეფანე კალაიჯიშვილს არ ემორჩილებიან და ითხოვენ, რომ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ, სასულიერო პირი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხსა და სამონაზვნო აღთქმის დარღვევაში დაადანაშაულა და მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ეკლესიიდან განკვეთა.