15 ნოემბერს რადიო “ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას “წარმატების ფორმულა” დეველოპერული კომპანიის “თეთრი კვადრატის” გენერალური დირექტორი შორენა დარჩიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც სამშენებლო ბიზნესში არსებულ სიტუაციაზე, საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
თავისუფალი უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების გერმანული ფაკულტეტის დასულების, მარკეტინგის და საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით მოზბახის დიპლომის მიღების შემდეგ, ქალბატონმა შორენამ უძრავი ქონებისა და რეკლამის სფეროში შეიძინა მდიდარი სამუშაო გამოცდილება.
– შორენა, როდის დაინტერესდით სამშენებლო ბიზნესით?
– სამშენებლო ბიზნესში 20 წლის წინ მოვხვდი. ახალი ჩამოსული ვიყავი გერმანიიდან, როცა შემთხვევით ვნახე ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის განცხადება, რომელიც თანამშრომელს ეძებდა გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მართალია, მარკეტინგის ფაკულტეტი მქონდა დამთავრებული, გაყიდვების მენეჯერის პოზიცია კი ცოტა შეუსაბამოდ მეჩვენებოდა, მაგრამ ჩავთვალე, რომ დასაწყისისთვის არც ეს იქნებოდა ურიგო. თუმცა, ვერ შევძელი გასაუბრების გავლა და მეორე ტურში გადასვლა. გული დამწყდა, ამიტომ სითამამე გამოვიჩინე და საკუთარი მარცხის მიზეზის დასადგენად კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელს დავუკავშირდი, რათა გამეგო რა გავაკეთე არასწორად და სამომავლოდ გამეთვალისწინებინა. საკმაოდ მოულოდნელი პასუხი მივიღე, როგორც აღმოჩნდა კარგი განათლების მიუხედავად, ასაკი მქონდა ნაკლებად შესაფერისი ძვირადღირებული ბინების გასაყიდად. მოგვიანებით მარკეტინგზე ვისაუბრეთ, საკუთარი ხედვა, ამ სფეროში მუშაობის სურვილი გავუზიარე და 2 თვეში მართლაც მივიღე ჩემი პირველი სამუშაო.
– სხვების მსგავსად ალბათ თქვენც გაზარალათ კოვიდმა. კონკრეტულად რა პრობლემები შეგიქმნათ პანდემიამ?
– ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობდით. ჩვენს კომპანიას ახალი დეველოპერული ხაზის შექმნა უნდოდა, რომელიც ბევრად ფართო სეგმენტზე იქნებოდა გათვლილი. მართალია, საქმის ბოლომდე მიყვანაში პანდემიამ შეგვიშალა ხელი, რადგან იძულებული გავხდით ჩვენც დისტანციურ მუშაობაზე გადავსულიყავით, მაგრამ მაინც შევძელით ჩანაფიქრის განხორციელება და მარტის ბოლოსთვის 2 500-მდე ბინის გასაყიდად გამოტანა. გაყიდვების გეგმის შესრულება მოხდა დაგეგმილთან შედარებით გადაჭარბებით. ერთი შეხედვით უცნაურად ჟღერს ბინების სახლიდან გაყიდვა, მაგრამ ციფრული მედიის დახმარებით მაინც შევძელით წარმატებით მუშაობა. დღეს დეველოპერული კომპანია “თეთრი კვადრატი” დამოუკიდებელი კომპანიაა, რომელიც სრულიად ახალი გუნდით მუშაობს ახალ პროექტებზე.
– რამდენად შეიცვალა მომხმარებლის მოთხოვნები პანდემიის ფონზე?
– ბინის შეძენა ადამიანისთვის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპსა და სიტუაციაში აქტუალურია. ჩვენი ვალდებულება კი, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ხელსაყრელი პირობების შეთავაზებაა. ,,თეთრი კვადრატი” მომხმარებელს გადახდის მეტად მოქნილ პირობებს სთავაზობს – განვადება ლარში, რაც მართლაც უპრეცენდენტო შემთხვევაა, ასევე სთავაზობს დამატებით 3%-იან სუბსიდირებას ნებისმიერ იპოთეკურ სესხზე.
– ძალიან საინტერესო შეთავაზება გაქვთ ემიგრანტებისთვის,
– ჩვენთვის ყოველთვის აქტუალურია ემიგრანტების თემა, ამიტომ მომგებიანი შეთავაზებებიც მრავლად გვაქვს. თვეში მაქსიმუმ 250 დოლარად ვთავაზობთ საბურთალოზე ბინის შეძენას.
– რა გაძლევთ მუშაობის მოტივაციას და რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
– მართლაც ძალიან მიყვარს ჩემი სამუშაო, რადგან პრაქტიკულად არაფრიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით საბოლოო პროდუქტს. ძალიან სასიამოვნოა, როცა ქუჩაზე ჩავლისას სწორედ შენს განხორციელებულ ჩანაფიქრს ხედავ და იცი, რომ უამრავი ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესე ბევრად კომფორტული გარემოს შექმნით.
– რა უნარის გამომუშავება შეძელით, როგორც ხელმძღვანელმა, რომლითაც დღეს ამაყობთ?
– მთავარი ალბათ შედეგზე ორიენტირება და რეალობის მასშტაბურად დანახვის უნარია. შეუძლებელია მოსთხოვო თანამშრომელს რაიმეს კეთება, როცა არ იცის, რატომ აკეთებს და როგორი იქნება საბოლოო შედეგი.
– რას თვლით კომპანიის მთავარ გამოწვევად და რას გეგმავთ სამომავლოდ?
– “თეთრი კვადრატი” უზარმაზარი ჰოლდინგის შემადგენელი ნაწილია. ის BK Construction-ს აერთიანებს თავისი 25-წლიანი გამოცდილებითა და უამრავი პროექტით. სწორედ BK Construction-თან თანამშრომლობით ვახორციელებთ ჩვენს პროექტებს.
– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი გუნდის შეკვრა?
– ვფიქრობ, ნებისმიერ საქმეში სწორედ კარგი გუნდი უზრუნველყოფს წარმატებას. სასურველია გუნდში კვალიფიციური სპეციალისტები, მოტივირებული ადამიანები იყვნენ, რადგან სწორედ მათ იმედზეა კომპანია და სირთულეების დაძლევაც მათთან ერთად უწევს.
– როგორ ჩნდება ახალი იდეა და მუშავდება ახალი პროექტი თქვენს კომპანიაში?
– იდეების ინსპირატორი თავად ბაზარია, რომელიც ყოველდღე ახალ გამოწვევებს გვთავაზობს, ჩვენ კი, ღირსეულად ვპასუხობთ ყველა გამოწვევას. ყოველთვის ერთად ვმუშაობთ და ერთნაირად ვინაწილებთ მარცხსაც და გამარჯვებასაც.
– რამდენად მკაცრი ხელმძღვანელი ხართ?
– ალბათ, ადრე უფრო მკაცრი ვიყავი. ვფიქრობ, ხელმძღვანელისა და თანამშრომლის ურთიერთობაში მთავარი არა სიმკაცრე და ვალდებულება, არამედ ნდობა და პატივისცემაა, როცა ადამიანები კოლექტიურად მუშაობენ საერთო წარმატებისთვის.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– ძალიან სწრაფად.
ბლიცკითხვები:
– “თეთრი კვადრატის” სლოგანი?
– “დაიწყე ცხოვრება თეთრი ფურცლიდან!”
– ვით თვლით საუკეთესო მრჩევლად?
– საკუთარ ინტუიციას.
– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართვათ დღის მანძილზე?
– “ყველაფერს გავაკეთებთ”, ან “არ არსებობს საქმე, რომელიც არ გამოვა”.
– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?
– სამზარეულოში, რადგან ძალიან მიყვარს კულინარია, დიდი ხნით დასვენება კი, იმერეთში მირჩევნია საკუთარ სახლში.
– საყვარელი კერძი, რომელიც ყველაზე კარგად გამოგდით?
– ძალიან გემრიელი “მედოკი” გამომდის.
– პროფესია, რომელსაც სიამოვნებით შეითავსებდით?
– იმედია, მეუღლე არ გამიბრაზდება, მაგრამ ნაწილობრივ მის პროფესიას – არქიტექტორობასაც ვითავსებ.
– საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გახარებთ?
– ნებისმიერი საჩუქრის მიღება სასიხარულოა.
– რაზე ფიქრობთ ახლა?
– რა სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა.
– სად ოცნებობთ ცხოვრებას?
– იმერეთში, მშობლიურ სახლში, სადაც ოდესმე აუცილებლად გადავალ საცხოვრებლად.
– რას დახატავდით გადაცემაში “წარმატების ფორმულა”?
– ალბათ, უშიშარ ჯარისკაცს.
– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?
– ვფიქრობ, წარმატების გარანტია მუდმივი განვითარება, ცოდნის გაღრმავება და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უნარია.