საქართველოს სახალხო დამცველი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის საუბრობს სახალხო დამცველის და მის მიერ მოწვეული ექიმების შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმის, დაშინების მცდელობას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს.
„მოვუწოდებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ომბუდს გაერთიანებებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და თავიანთი მანდატის ფარგლებში შესაბამისი შეფასება მისცენ მას. პარიზის პრინციპებისა და ვენეციის პრინციპების საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ ექსპერტებმა უარი განაცხადონ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე.
კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის სპეციალისტებს, რომლებმაც მოახერხეს შემჭიდროვებულ ვადებში შეფასების მომზადება ასევე მოვუწოდებთ შესაბამის პროფესიულ გაერთიანებებს მათი მხარდაჭერისკენ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა „ფეიკია“ და ამ „ფეიკით“ გამოწვეული მოსალოდნელი შედეგებზე საუბრისას მან ომბუდსმენისა და ექიმის შესაძლო პასუხისმგებლობაზეც ახსენა.