LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე – საზოგადოებამ დაინახა, რომ სააკაშვილს სწორედ ის ექიმები დაეხმარნენ, ვინც ბულინგის ქვეშ არიან

52
არჩილ თალაკვაძე

მმართველი პარტიის ერთ-ერთი წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დახმარება, რომელიც პაციენტს სჭირდება, უნდა აღმოუჩინონ ექიმებმა და ექიმების გადაწყვეტილებებში ოპოზიციის მხრიდან ჩარევა დაუშვებელია.

ამის შესახებ თალაკვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ყოფილ პრეზიდენტზე საუბრის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილს სწორედ ის ექიმები დაეხმარნენ და ჩაუტარეს პირველადი სამედიცინო დახმარება, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ტელევიზიების მხრიდან ბულინგის ქვეშ არიან:

“მოკლედ რომ გითხრათ, პაციენტის ისტორია ის გახლავთ, რომ პაციენტს რაც სჭირდება, ის დახმარება უნდა აღმოუჩინონ ექიმებმა და დაუშვებელია ექიმების გადაწყვეტილებებში ოპოზიციის მხრიდან ჩარევა. დაუშვებელია მათზე ზეწოლა და დაუშვებელია მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში ექიმების შეურაცხყოფა და მათი კომპეტენციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ხდებოდეს.

აგერ დღეს, რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც პენიტენციური სამსახურის პერსონალი და ჯანდაცვის სისტემა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, რომ თითქოს მათ კრიტიკული სიტუაციების მართვა არ შეუძლიათ, დღეს მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ სწორედ ის ექიმები, ვინც ბულინგის ქვეშ არიან “ნაციონალური მოძრაობის” და მისი ტელევიზიების მხრიდან, ამ ორი კვირის განმავლობაში სწორედ ის ექიმები დაეხმარნენ მიხეილ სააკაშვილს და ჩაუტარეს პირველადი სამედიცინო დახმარება და რეანიმაციული ღონისძიებები.

რაც შეეხება პაციენტის შემდგომ სამედიცინო მომსახურებას, მოკლედ გეტყვით, ვთვლი, რომ პენიტენციურმა ჯანდაცვამ უნდა წარადგინოს მიხეილ სააკაშვილის როგორც პატიმრობაში მყოფი პაციენტის სამედიცინო დახმარების გეგმა, მათ შორის, ე.წ. “რიფიიდინგის სინდრომის” მართვის გეგმა, ვინაიდან სტრასბურგის გადაწყვეტილება პირდაპირ მოუწოდებს სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში უზრუნველყოს სათანადო დახმარება.” – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g