LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხარებას“ ღვინოებიდან გამოვარჩევდი ქვევრის ღვინოს, ოცხანურ საფერეს” – როგორია თამარ ჭავჭანიძის ,,წარმატების ფორმულა”

24
tamarchavchanidze

გადაცემის ლაივი LIVE

რა ხიბლავს ყველაზე მეტად საკუთარ პროფესიაში, რა თვისებებს აფასებს თანამშრომლებში და მისი აზრით, რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად – „წარმატების ფორმულას“ კითხვებს მეღვინეობა ,,ხარებას” მარკეტინგის სამსახურის უფროსი, თამარ ჭავჭანიძე პასუხობს.

– თამარ, რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას? „ხარებას“ მეღვინეობის რომელი ღვინოა თქვენთვის განსაკუთრებული?

– ფავორიტი ღვინო, რასაკვირველია მაქვს. „ხარებას“ ღვინოებიდან გამოვარჩევდი ქვევრის ღვინოს, ოცხანურ საფერეს. ღვინის დაგემოვნება ზოგადად მიყვარს, განსაკუთრებით კი წითელი,  მშრალი ღვინოა ჩემი ფავორიტი. ზოგადად, ღვინო ძალიან მეხმარება განტვირთვაში, სიამოვნებით მივირთმევ ხოლმე პარასკევ საღამოს.

– სანამ „ხარებას“ მეღვინეობაში მოხვდებოდით, სად მოღვაწეობდით?

– 9 წელი ვმუშაობდი „იბერკომპანი ჰოლდინგში“, რომელიც დივერსიფიცირებული ჰოლდინგია, ანუ აქვს სხვადასხვა მიმართულების ბიზნესები. ჩემი ფავორიტი აქაც მეღვინეობა იყო, გარდა ამისა ვმუშაობდი სრულიად განსხვავებული მიმართულებებით, როგორიცაა ავტოგასამართი სადგურები და უძრავი ქონება. საბოლოოდ  მეღვინეობაში დავრჩი.

– თამარ, რა არის მთავარი გამოწვევა, რაც კომპანიას აქვს დასახული მიზნად და რომელია გამოწვევა, რომელიც პირადად თქვენ გაგაჩნიათ? რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა რაც უკვე გადალახეთ?

– ზოგადად, მიყვარს გამოწვევები. ბუნებრივია, ახალ კომპანიაშიც ბევრი გამოწვევა დამხვდა, თუმცა, მაქვს უამრავი გეგმა ხელმძღვანელობასთან ერთად, ეს ყველაფერი მოიცავს ახალ გემოებს და ექსპერიმენტებს, ვნახოთ რა როგორ გამოვა. მთავარია, რომ გამოწვევები ნამდვილად არ მაშინებს.

– რას გვეტყოდით კრიზის-მენეჯმენტზე, როგორ ართმევთ თავს ასეთ რთულ პერიოდს? ალბათ, სირთულეებთან ერთად ეს პერიოდი  გუნდში ახალი მეთოდების დანერგვის შანსიც არის, არა? რა აღმოაჩინეთ ახალი საკუთარ მენეჯერულ თვისებებში პანდემიის ფონზე?

– საბედნიეროდ, კომპანიამ სადაც პანდემიის დასაწყისში ვმუშაობდი მოახერხა, რომ მარტივად გადაწყობილიყო და პანიკას არ აჰყოლოდა. იქ თვითონ გუნდი იყო განსაკუთრებული, რომელმაც ეს შეძლო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც ახალ კომპანიაშიც შევამჩნიე ზუსტად იგივე დამოკიდებულება, რადგან ბიზნესმა ადაპტაცია უნდა მოახდინოს. მას ყოველთვის უნდა შეეძლოს გარემო-პირობებზე მორგება,  რათა გადარჩეს და არსებობა გააგრძელოს. ბუნებრივია,  ეს ყველაფერი ამ ადამიანებს მრავალწლიანმა თავდაუზოგავმა შრომამ მისცა.

– თამარ, საინტერესოა აპირებთ თუ არა გაფართოებას და რას გვეტყვით საექსპორტო ბაზრებზე?

– ცხადია, გაფართოება იგეგმება, ამაში კი იგულისხმება ამერიკის ბაზარი, რადგან მეტ-ნაკლებად უკვე არის ათვისებული ევროპა და აზია, ასევე რუსეთი. საერთო ჯამში, 30 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პანდემია ქართულ ბაზარზე უარყოფითად აისახა და ბაზარს ცუდად დაეტყო, თუმცა ექსპორტის წილი 12%-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტზე უფრო მეტი პროდუქცია გადის, ღვინოზე კი მოთხოვნა განსაკუთრებითაა გაზრდილი.

– თამარ, რა გხიბლავთ ყველაზე მეტად „ხარებას“ მეღვინეობაში მუშაობის პროცესში?

– საქმე იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანია, რომ ხანდახან ისიც მავიწყდება, რომელი საათია. მთლიანად სამუშაო პროცესი ძალიან მომწონს და მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ სამი თვეა ვმუშაობ, ასე მგონია, დიდი ხანია, რაც აქ ვარ. მუშაობის პროცესი გუნდური და აქტიურია,საუკეთესო მომენტი, რასაკვირველია ხანგრძლივი შრომის შედეგით ტკბობაა.

– ზოგადად რამდენი ხანია, რაც მარკეტინგში მოღვაწეობთ და არის თუ არა ეს ის სფერო, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას ბოლომდე ახერხებთ?

-ვფიქრობ, რომ არის. დაახლოებით 7 წელია, რაც ამ სფეროში ვმოღვაწეობ და ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. ამ სფეროში მუშაობა მაბედნიერებს.

– რას გვეტყოდით თქვენს მიზნებზე, რას გეგმავთ მომავალში?

– უახლოეს მომავალში საქმიანობას კვლავინდებურად მეღვინეობის სფეროში გავაგრძელებ. ეს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო საქმიანობაა ჩემთვის. ჯერჯერობით საკუთარი მეღვინეობის გახსნაზე არ ვფიქრობ, თუმცა ცოტა სხვა მიმართულებით წასვლას ვგეგმავ. ახლახან რამდენიმე სკა ფუტკარი მაჩუქეს და ახლა შესწავლის პროცესში ვარ, სეზონის დაწყების შემდეგ კი, ანუ გაზაფხულიდან, უკვე მზად ვიქნები რომ მეფუტკრეობას  მივყვე. თაფლიც ძალიან მიყვარს.

– რა პრინციპს ეფუძნება „ხარებას“ მეღვინეობა, რა არის კომპანიის მთავარი ღირებულება?

– ხარისხი. ზოგადად, დიდ კომპანიებში ძნელია ხარისხის კონტროლი, რადგან წარმოების ზრდასთან ერთად სულ უფრო და უფრო რთულდება ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება. თუმცა „ხარებას“ პრიორიტეტი ხარისხია, ამიტომ ყოველი ბოთლი ერთნაირად უმაღლესი ხარისხისაა, თითოეულ ბოთლ ღვინოს თანაბარი ყურადღება ეთმობა და ისინი მზადდება ჩვენი მეღვინეების მაქსიმალური ჩართულობით.

– რას გვეტყვით სოციალურ პასუხისმგებლობაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ის კომპანიისათვის?

– ჩვენთვის ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. მართალია ბიზნესისათვის ყველაზე მთავარი შემოსავლის ქონაა, თუმცა ამის იქითაც არსებობს რაღაცები, რაც მნიშვნელოვანია, მით უმეტეს როდესაც სოციალურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ. საბედნიეროდ, ქართული კომპანიები ნელ-ნელა სწავლობენ და ითავისებენ, თუ  რას ნიშნავს სოციალური პასუხისმგებლობის ქონა და იმედია, რომ ასეც გაგრძელდება.

– თამარ, თქვენი აზრით რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი  მარკეტინგში და რა თვისებებს აფასებთ ყველაზე მეტად თანამშრომლებში?

– ვფიქრობ, რომ მარკეტინგში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქტისათვის კრიტიკული, მომხმარებლის თვალით შეხედვა შეგვეძლოს. თუ ამას შევძლებთ, უკვე ადვილად დავინახავთ ყველა ხარვეზს და ვეცდებით მათ აღმოფხვრას. რაც შეეხება თვისებებს, ყველაზე მეტად პასუხისმგებლობის გრძნობას ვაფასებ, შემდეგ მოდის პუნქტუალობა და სხვა აუცილებელი თვისებები…

ბლიც-კითხვები:

-„ხარებას“ მეღვინეობის სლოგანია…

-„ღვინოს ქმნის „ხარება“.

-პროფესიული წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად გადგებათ?

– ასეთი ბევრია.

– თვისება,რომელსაც აფასებთ ყველაზე მეტად, არის…

– ერთგულება.

– საუკეთესო მრჩეველი?

– მეგობარი, სახელს არ ვიტყვი.

– განტვირთვის საუკეთესო ადგილი?

– გარემოს შეცვლა საუკეთესო გამოსავალია, ადგილს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

– გატაცება სამსახურის მიღმა?

– ხატვა და იოგა.

– ვინ არის თქვენთვის სამაგალითო პიროვნება?

– დედაჩემი.

– საოცნებო პროფესია?

– რომ არა მარკეტინგი, იქნებოდა არქიტექტურა.

– როგორ დაახასიათებდით  „ხარებას“ „საფერავს“?

– დახვეწილი.

– რა ხერხს მიმართავთ განსატვირთად, როცა რთული პერიოდი გაქვთ?

– ჩემს საყვარელ რომელიმე ფილმს ვუყურებ.

– გადაცემა, რომელსაც სტუმრობთ?

– „წარმატების ფორმულა“

– რას დახატავდით „წარმატების ფორმულაში“?

– არ ვიცი, ალბათ რამე პეიზაჟს.

– თამარ, როგორია თქვენი წარმატების ფორმულა? თქვენი აზრით, რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს?

– ჩემი აზრით, მთავარია, რომ ადამიანმა არასოდეს შეწყვიტოს განვითარება. თუკი მუდმივად გვაქვს იმის სურვილი, რომ განვვითარდეთ, მეტი ვისწავლოთ, მეტი გავიგოთ, გავხდეთ უკეთესი პროფესიონალები, ბუნებრივია ეს შედეგს გამოიღებს. ყველაზე მთავარი წარმატების მისაღწევად სწორედ განვითარებისაკენ მუდმივი სწრაფვა მგონია…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები