LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებს: შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აცხადებს ბოიკოტს? – მილევად რეჟიმში არიან

68
ანრი ოხანაშვილი

„შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აცხადებს ბოიკოტს? – მგონი საკუთარ თავს გამოუცხადებენ მალე ბოიკოტს, მილევად რეჟიმში არიან“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესისთვის ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, პროცესი, რომელიც პარლამენტში წარიმართება უპრეცედენტოა და 2019 წლამდე მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა არ არსებობდა. ანრი ოხანაშვილის თქმით, დღეს ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, საპარლამენტო უმრავლესობას ექნება შესაძლებლობა, გაესაუბრონ წარმოდგენილ კანდიდატებს.

დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორ კანდიდატს მოუსმენენ

„იქნება შეკითხვები კომპეტენციასთან დაკავშირებით, ასევე საკითხებზე, რომელიც უკავშირდება შესაბამისი მოსამართლის ბიოგრაფიას და ეს პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, რომელშიც მონაწილეობენ არასაპარლამენტო სუბიექტები, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან შეკითხვები.

ეს პროცესი არის უპრეცედენტო, საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა არ არსებობდა 2019 წლამდე და ჩვენ შევძელით მიგვეღწია ასეთი გამჭვირვალე პროცესის წარმართვისთვის. მას შემდეგ, რაც დავასრულებთ მოსმენებს, გადავწყვეტთ გუნდი, როდის იქნება მიზანშეწონილი კენჭისყრების ჩატარება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს და აღნიშნა, რომ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციური პარტიების ნაწილი განხილვას ესწრება.

„შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ არ აცხადებს ბოიკოტს. მგონი საკუთარ თავს გამოუცხადებენ მალე ბოიკოტს. პოლიტიკის მიღმა არიან გასულები, ეს მათი არჩევანია, მილევად რეჟიმში არიან და ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, მათი წარმომადგენლები დაესწრებიან განხილვას, ეს ერთმანეთში შეუძლიათ გაარკვიონ, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რა პოზიციას აჟღერებს, თუ ცალკეულ ორგანიზაციებზე აპირებთ მესაუბროთ, უკვე არასერიოზულია,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. კომიტეტზე ახლა გენადი მაკარიძეს უსმენენ, დღის მეორე ნახევარში კი კიდევ ერთი კანდიდატის, თამარ ოქროპირიძის მოსმენაა დაგეგმილი.

magti 5g