LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურულების გერმანელი სიძე და ინიციატივა „გააცოცხლე გურია“

199

ერთი ნაბიჯი ზღვიდან მთამდე – გააცოცხლე გურია, რომლის მდგრად განვითარებაზე ზრუნვა გურიის რეგიონული აქტივობის ჯგუფმა (RAGG) დაიწყო. RAGG სხვადასხვა სპეციალობის პროფესიონალთა გაერთიანებას წარმოადგენს, რომლებიც საკუთარი პერსონალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ზრუნავენ გურიის რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის და სხვადასხვა საინიციატივო აქტივობით ხელს უწყობენ გურიის რეგიონის ტურისტული მიმზიდველობის ზრდას. როგორც მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიზნეს კონსულტანტი კნუტ გერბერი ამბობს, განვითარების პროცესში ისინი სწორედ ხალხის ძალას ენდობიან. საინიციატივო ჯგუფის კიდევ ერთი დამფუძნებელი გაგა გოგიჩაიშვილი, „ფორტუნასთან“ ყვება, თუ როგორ გაჩნდა ჯგუფის შექმნის იდეა.

გერმანიიდან 9 წლის შემდეგ დაბრუნებულს, საკუთარი სოფელი ზუსტად ისეთივე დამხვდა როგორც დავტოვე… არაფერი იყო შეცვლილი! მას შემდეგ  კიდევ 11 წელი გავიდა. ველოდე იმას, თუ როდის გამოსწორდებოდა მდგომარეობა, მაგრამ  ერთი წლის წინ დავრწმუნდი, რომ თუ არა თითოეული ჩვენთაგანის გააქტიურება, ისე არაფერი გამოვიდოდა, მითუმეტეს გამოსწორდებოდა…  შიში გამიჩნდა იმისი, რომ ყველაფერი მოკვდება, რაც პატარაობისას სიცოცხლეს მგვრიდა, სიხარულით, სიყვარულით, დადებითი ემოციებით მავსებდა…

აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ჩემს მეგობრებთან ერთად კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც პირველ ეტაპზე სიცოცხლის განწყობას დაგვიბრუნებს, მოტივაციას გაგვიჩენს ჩვენი უსაყვარლესი კუთხის სწორად განვითარების, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითის ჩვენების, რომელიც მისაბაძი გახდება სხვა რეგიონებისთვის… რატომაც არა გურია, ჩვენ ხომ  პირველობა გვიყვარს?!“- ამბობს გაგა გოგიჩაიშვილი.

სწორედ ასე შეიქმნა ინიციატივა „გააცოცხლე გურია“, რომელიც თანამოაზრეებთან ერთად “RAGG” – გურიის რეგიონის აქტივობის ჯგუფად გარდაიქმნა. პირველი ნაბიჯი, რაც ჯგუფმა განახორციელა რეგიონის ტურისტული პოტენციალის კვლევაა, რომელიც კნუტ გერბერის, RAGG-ის თანადამფუძნებლის და „გურულების გერმანელი სიძის“  ძალისხმევით გერმანიის აიჰშტატ-ინგოლშტადტის კათოლიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი სტუდენტების, პროფესორების და ტურიზმის ექსპერტების დახმარებით ჩატარდა. შედეგად 150 გვერდიანი დოკუმენტი მიიღეს, რომლის პრეზენტაციას 29 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის ფონდმა უმასპინძლა, რომელიც დღეიდან გურულების წარმომადგენლობა გახდება და მრავალ საინტერესო და საჭირო ღონისძიებას უმასპინძლებს. გაგა გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ სტრატეგიული დოკუმენტი მნიშვნელოვანია ეყრდნობოდეს არსებულ კვლევის მიგნებებს და კონკრეტული საქმოქმედო გეგმა დაისახოს დოკუმენტში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინებით.  RAGG-ის ინიციატივით, უახლოეს მომავალში იგეგმება სოფლების აღწერა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება ტურისტული და რეკრეაციული ზონების სრულყოფილი მონაცემთა ბაზა. პარალელურად „RAGG“ -ი რეგიონის პოპულარიზაციაზეც ზრუნავს, რაც მათ ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/agileguria/ დეტალურად არის ხელმისაწვდომი.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით და ადგილობრივი ტურიზმის სამსახურების ორგანიზებით, გურიაში მოვიწვიეთ აჭარის რეგიონის ტურ-ოპერატორები ტურისტებისთვის საინტერესო მარშრუტების გასაცნობად და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის დასაგეგმად. ასევე, სულ ახლახან, მაისში ჩატარდა კაიაკინგის ევროპის საერთაშორისო ჩემპიონატი მდინარე ბჟუჟზე, სადაც 16 ქვეყნის 70 სპორტსმენი გვყავდა მოწვეული, რაც პოზიტიურად აისახა, როგორც მასპინძელი სოფლების მაცხოვრებლების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ფესტივალის პერიოდში, ისე გურიის რეგიონის პოპულარიზაციის მხრივ. ფესტივალი ფართოდ გაშუქდა საერთაშორისო მედია-გამოცემებში“ -განაცხადა სოსო ერქომაიშვილმა, RAGG-ის თანადამფუძნებელმა. 

კნუტ გერბერი ამბობს, რომ დღეისათვის გურიას მხოლოდ სატრანზიტო პოტენციალი აქვს და ის ტურისტებისთვის ცნობილი ადგილი არ არის.

ჩვენ ვკითხეთ ურეკში, შეკვეთილში ხალხს, იცით სად ხართ? და პასუხი იყო- დიახ, აჭარაში. ეს ნიშნავს, რომ გურიას აქვს ბრენდინგის პრობლემა. ჩვენ ვმუშაობთ აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციასთან, ბიზნესსექტორთან, მოსახლეობასთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რომ ეს შეიცვალოს. ტურიზმს მოაქვს ეკონომიკური სარგებელი ხალხისთვის. არიან ტურისტები, რომლებიც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრობენ, თუმცა, არიან ტურისტებიც, რომლებსადც ავთენტური კულტურის განცნობა სურთ, რომლითაც მდიდარია რეგიონი, ტურისტებს აინტერესებთ კემპინგი, ეკო-ტურიზმი, გასტრონიმია და ა.შ,“- ამბობს კნუტ გერბერი.

კნუტ გერბერი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 20 წლის წინ დაინახა, რომ გურია, თავისი ავთენტური სტუმართმოყვარეობით მთელი გულით მიესალმება სტუმრებს და ღიაა უცხო ერის ადამიანებისადმი.

გურიის რეგიონული განვითარების ჩემეული გაგება, პირველ რიგში, გულისხმობს, გურულების სიძის როლის შესრულებას. როგორც ტურიზმის პროფესიონალი, მე შემიძლია დავეყრდნო მხოლოდ ჩემს პირად ემოციებს და გითხრათ, რომ გურიის უნიკალური შეთავაზება (USP) არის ზუსტად ის, რასაც ტურისტები მოელიან: ადამიანების მიერ შექმნილი გულწრფელი სტუმართმოყვარეობა, ავთენტური ბუნება და მდიდარი მემკვიდრეობა,”– აღნიშნავს კნუტ გერბერი.

საინიციატივო ჯგუფის წევრი  სოსო ერქომაშივილი აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები ტარდება და ტურიზმის განვითარების მიმართულებით გურიაში გარკვეული ინტერესი უკვე გამოიწვიეს.

ნოდარ დუმბაძის სახელობის ფონდში ჩატარებულ პრეზენატიას გურიიდან წარმოდგენილი ბიზნეს-სექტორიც ეწრებოდა, რომლებმაც რეგიონის განვითარებაზე მათი ხედვები წარმოადგინეს.

ეს ინიციატივა, რომელიც საზოგადოებიდან წამოვიდა, ძალიან ნიშვნელოვანია. იმ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც ეს ჯგუფი არსებობს, მოსახლეობის ჩართულობა და დაინტერესება ძალიან დიდია. ძალიან მნიშვნელოვანია ის კვლევა რომელიც წარმოადგინეს. ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, რომ აღნიშნული კვლევის შედეგები და მიგნებები გადავიტანოთ კონკრეტულ ნაბიჯებში, რომ დაიწყოს მდგრადი განვითარების პროცესი. ჩვენ გურია დღევანდელ დღემდე მოვიყვანეთ ისე, რომ მისი ბუნება, პრაქტიკულად ხელშეუხებელია, ავთენტურია, რაც დიდი პლიუსია. ამიტომ ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი იქნება ზონირების გაკეთება, მაგალითად გამოყოფილი იქნება ინდუსტრიული ზონები, სადაც სამრეწველო ობიექტებისთვის იქნება ხელშემწყობი პირობები შექმნილი, მაგალითად, უზრუნველყოფილი იქნება საკანალიზაციო, ენერგეტიკული, ნარჩენების გატანის სერვისი და ა.შ. სამრეწველო ზონირება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ადამიანს, რომელიც ეკო-ტურიზმით არის დაინტერესებული და აკეთებს ინვესტირებას, იყოს დარწმუნებული, რომ იმ ტერიტორიასთან ახლოს არ მოხდება სამრეწველო ობიექტების განთავსება. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ის რომ შტადლერი“ გაჩერდება ურეკში, არ არის ყველაფერი, საჭიროა საზოგადო ტრანსპორტის ორგანიზება,  გიდების და სხვა ტურისტული სერვისების განვითარება“- ამბობს მიხეილ ჭკუასელი, „გურიელის“ დამფუძნებელი და RAGG-ის აქტიური მხარდამჭერი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც. ხალხური მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები და საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი ამბობს, რომ საინიციატოვო ჯგუფრმა რეგიონისთვის უკვე ბევრი საქმე გააკეთა და ახლა საჭიროა მათ ადგილობრივი თვითმმართველობა გვერდით დაუდგეს.

მივესალმები ამ პროექტის ავტორებს და რითიც შემიძლია გვერდში დავუდგები. მე განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ , რომ კულტურას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის განვითარებისთვის. გურული სიმღერა უნიკალური ფენომენია, რომელსაც მსოფლიო იკვლევს და განცვიფრებულნი არიან. ისინი უნდა ჩამოვიდნენ და ადგილზე გაეცნონ მას“- ამბობს ანზორ ერქომაიშვილი.

„ჩვენი გზავნილია საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფი გურულებისთვის, რომ შემოგვიერთდნენ, აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ერთად შევძლოთ იმ ტრადიციების და მემკვიდრეობის შენარჩუნება, რომელიც განსაკუთრებულს ხდის გურიას და ჩვენს სამშობლოს – საქართველოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა ვიმოქმედოთ და ხელი შევუწყოთ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაეფუძნება გურიის რეგიონის ტურიზმის პოტენციალის ჩვენს ხელთ არსებული კვლევის მიგნებებს“ – ამბობს გაგა გოგიჩაიშვილი.

 

 

magti 5g