LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური პროექტი იწყება: საქართველოში ჩაის თემატური ვილები და ჩაის მუზეუმი აშენდება

155
ipiccy-image

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და სს „ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფის“ ადმინისტრაციულმა მენეჯერმა გიორგი სიმონგულაშვილმა, ხონის მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან ერთად, ხონში ჩაის განვითარების პროექტისა და ჩაის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს შესახებ ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

ჩაის ნახევარ-მილიარდიანი, ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული პროექტი მოიცავს საქართველოს მასშტაბით ჩაის პლანტაციების აღდგენასა და გაშენებას, ჩაის კულტურულ გადამუშავებას, მრეწველობის გაძლიერებას, ჩაის მუზეუმის მშენებლობას, ჩაის ეკოტურიზმის განვითარებასა და პროფესიული გადამზადების სასწავლო პროგრამების უზრუნველყოფას.

როგორც „საპარტნიორო ფონდში“ აღნიშნავენ, ხონის მუნიციპალიტეტს პროექტში უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ენიჭება ინდუსტრიის რეაბილიტაციისა და განვითარების მიმართულებით და ითვალისწინებს ადგილობრივი მუშახელის დასაქმებას, მათთვის ჩაის კულტურული დამუშავების სწავლებასა და პროფესიულ გადამზადებას.

„ჩვენი ჩამოსვლის მიზანი იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა, იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ჩაის პლანტაციების განვითარების პოტენციალი და ჩვენს ახალ საწარმოში საშუალება მიეცემათ, გადაამუშავონ თავისი ნაწარმი. ინვესტორი, ჩინური ჰოლდინგი, რომელთან ერთადაც „საპარტნიორო ფონდი“ უკვე ხუთი წელია ახორციელებს ჩაის რეაბილიტაციის პროექტს, ძალიან წარმატებულად წარმართავს ჩაის კულტურის აღორძინების საქმეს. მათ დაიწყეს წალენჯიხიდან, განაგრძეს აჭარის რეგიონით, ახლა უკვე შემოვიდნენ იმერეთშიც, იგივე იგეგმება ოზურგეთშიც. მომავალი 15 წლის განმავლობაში, ჩაის კულტურის განვითარების შედეგად, ნახევარ მილიარდამდე ინვესტიციის მოზიდვას ვგეგმავთ, რაც ჩაის პლანტაციების განვითარებასთან ერთად, გულისხმობს ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობას, ადგილობრივი მცირე მეწარმეების ჩართვას, ჩაის ტურიზმის განვითარებას. ასევე, საჩვენებელი ჩაის ბაღების მოწყობას, მცირე სასტუმროებისა და კოტეჯების მშენებლობას, და ცხადია, ამ კულტურისთვის ჩინეთის უზარმაზარი ბაზრის გახსნას, ვინაიდან ჩინეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც ყველაზე მაღალი, პრემიალური ხარისხის ჩაის მწარმოებელ ქვეყანას. ეს იდეები გავაცანით მოსახლეობას. მოხარულები ვართ მათი შეფასებებითა და დიდი დაინტერესებით“, – განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ ცნობით, პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 60 ჰექტარზე ჩაის ბაღის გამოსაყენებელი ფართობის რეაბილიტაციას, გაშენებას და ორგანული, მაღალი ხარისხის სხვადასხვა სახეობის ჩაის წარმოებას, ხოლო მეორე ეტაპი მოიცავს დაახლოებით, 4.8 ჰექტარზე ჩაის თემატური ვილების აშენებას, რომლებიც ინტეგრირებული იქნება ჩაის პლანტაციებთან, დაიტვირთება ჰიდროთერაპიისა და სარელაქსაციო-გამაჯანსაღებელი ფუნქციით.

„პარკი აღჭურვილი იქნება ცხენის ფერმით, პატარა ლანდშაფტური პარკით და პანორამული კოშკით. პროექტის დასრულების შემდეგ ბიზნესს ექნება შემდეგი მიმართულებები: მოკლევადიანი ტურისტული განსახლება ჩაის ბაღის დამქირავებლებისთვის, ოჯახური სტილის დასვენება, ხანდაზმული პაციენტების ჯანმრთელობის დაცვა და ფიზიოთერაპია, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და მოგზაურობა.

„ადგილობრივ მოსახლეობას გავაცანით ინვესტორის გეგმები და ის პერსპექტივები, რომლებსაც ახალი პროექტი მოიაზრებს რეგიონის განვითარებისთვის. ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია ჩვენს მუნიციპალიტეტში. ხონი ისტორიულად ჩაის მწარმოებელი იყო და ასეთი ფლაგმანი კომპანიის შემოსვლა ჩაის კულტურის აღდგენის საწინდარია, რაც მცირე მეწარმეებსაც მისცემს სტიმულს, თავანთი პროდუქცია ამ ქარხანაში ჩააბარონ, გადაამუშავონ, შეფუთონ და ფართო ბაზრებზე გაიტანონ სარეალიზაციოდ,“ – აღნიშნა ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ.

ხონში 1,500 კვ.მ ფართზე არსებული ჩაის გადამამუშავებელი და დამაკომპლექტებელი ქარხნის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ხოლო მისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა-დანადგარები – უკვე შესყიდული.

„საპარტნიორო ფონდი“ „ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროექტთან“ დაკავშირებით სს „ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურ ჯგუფთან“ 2016 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიას ჯამში უკვე ინვესტირებული აქვს 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი, ამუშავებს 70 ჰექტარამდე ჩაის პლანტაციას და უმოკლეს დროში დაასრულებს 300 ჰა ჩაის პლანტაციიდან მიღებული მოსავლის გადამუშავებისთვის სამყოფი სიმძლავრის საწარმოს მშენებლობას. დასაქმებულთა რაოდენობა სეზონზე 80 ადამიანს აჭარბებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g