იუსტიციის სამინისტროში სასჯელაღსრულების სამინისტროს გაერთიანების შემდეგ, პენიტენციური სამსახურის სპეციალური საქვეუწყებო დაწესებულება შეიქმნება, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ სანდრო დარახველიძემ განაცხადა.
„წარმოდგენილი პაკეტის თანახმად, იქმნება იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სპეციალური საქვეუწყებო დაწესებულება – პენიტენციური სამსახური, რომელიც მოიცავს იმ ფუნქციებს, რაც დაკავშირებულია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან. იუსტიციის სამინისტროში გადადის საგამოძიებო დეპარტამენტიც,“ – განაცხადა დარახველიძემ.