„როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება? არც ერთ შემთხვევაში! “,- ამის შესახებ „ტვ პირველის“ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ საქმეს განიხილავს. როგორც მოსამართლემ თქვა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული პირების გათავისუფლება კანონიერი გადაწყვეტილება იყო.
“დღეს რომ შემოსულიყო ეს საქმე და ჩამეხედა კანონმდებლობაში, მაგალითად, არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, ყველა კრიტერიუმი თუ მსჯავრდებულს დაკმაყოფილებული აქვს, როგორ შეიძლება მოსამართლემ მას უარი უთხრას, რა უნდა ჩაწეროს ამ დროს თავის გადაწყვეტილებაში, არ მინდა და არ გიშვებო? ასეთი არგუმენტებით გადაწყვეტილების მიღება ყოვლად დაუშვებელია, მოსამართლემ მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით უნდა ისარგებლოს.
პრეზიდენტს ნამდვილად 2008 წლის განკარგულებით განახევრებული ჰქონდა მათთვის სასჯელი და არა გათავისუფლებული, ბუნებრივია, მას რომ გაეთავისუფლებინა ისინი, პირობით ვადამდე გათავისუფლებას აღარ საჭიროებდნენ და აღარ დაექვემდებარებოდნენ.
ვიყავი მორიგე სასამართლოში, ეს იყო შაბათი, ან კვირა დღე, შემოვიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარდგინება გარკვეული მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, მაშინ მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს სასამართლო წყვეტდა, როგორც მახსოვს, სიაში, 22 ან 24 ადამიანი იყო. ისიც მახსოვს, რომ მათი ვადების დათვლას საკმაოდ დიდი დრო დავუთმე, რადგან ყველა სათითაოდ უნდა დამეთვალა, ბუნებრივია, დათვლილი მათაც ექნებოდათ და ისე არავინ შემოიტანდა, რომ იქ რამე ვადები დარღვეული ყოფილიყო, მაგრამ მე ჩემ წილად ხომ უნდა გადამემოწმებინა.
ზოგიერთი ამ გადაწყვეტილებას ისე აფასებს და იხსენიებენ ამ გადაწყვეტილებას, თითქოს, კოჭლამაზაშვილმა მსჯავრდებულები პირობით ვადამდე გაათავისუფლა და ამას ისეთ უარყოფით კონტექტსში ამბობენ, თითქოს, აქ რაღაც უკანონობას ხედავენ, ამ დროს, როცა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია და მოსამართლე მაინც გათავისუფლებაზე ამბობს უარს, ჩემი აზრით, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება“, – განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.