საკონსტიტუციო სასამართლოში პროექტის „კონსტიტუცია უსინათლოთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუცია და მასში განხორციელებული ცვლილებები ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა, რაც უსინათლოებისთვის ქვეყნის მთავარი კანონის შინაარსის გაცნობის საშუალებაა. კონსტიტუცია გამოიცა ასევე აუდიო წიგნის სახით. ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ როგორც ნაბეჭდი ვერსია, ასევე, აუდიო ვარიანტი უსინათლოთა კავშირის წევრებს გადასცა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით, განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციის დაბეჭდვა ბრაილის შრიფტით. ასევე, პირველად საქართველოში, ჩაიწერა და გამოიცა საქართველოს კონსტიტუცია აუდიო წიგნის სახით. უსინათლოთა კავშირთან თანამშრომლობის გზით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ექნებათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გაეცნონ საქართველოს კონსტიტუციის შინაარსს,” – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ.
კონსტიტუციის აუდიო ვერსია ჩამოტვირთვის ფუნქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდება და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
2017 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.