ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას, რომელსაც „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში უსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ რამდენიმე კითხვით მიმართა, რომელიც ქვეყნის საგარეო ვაჭრობას, ინვესტიციებს და ენერგეტიკას შეეხებოდა. კახაძის თქმით, „კითხვები მტკივნეულია“.
„მინდა გკითხოთ, შეიცვალა თუ არა ექსპორტის სტრუქტურა, თუ ისევ ტრადიციულია?
ასევე, ძალიან მტკივნეული კითხვა უნდა დავსვა, რაზეც წლებია ვსაუბრობ, რა უშლის ხელს სასმელი წყლის საექსპორტო პოტენციალში ჩართვას, ვინ ან რა? იქნებ ამაზე პასუხები მოსახლეობამ მიიღოს, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის გარედანაც მირეკავენ.
ახლა იმპორტის სტრუქტურა როგორია და იმპორტის ჩამნაცვლებელი რა იმედი გაგვაჩნია ჩვენივე ქვეყნის ხელშეწყობისთვის?
საპრივატიზაციო ნუსხით გამოტანილი ქონება, რომელიც 250 მლნ ლარად გაიყიდა, რამდენია ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორი?
ყველაზე მტკივნეული და გაჭირვება გამოვლილი ენერგეტიკა – რომელი ქვეყნები ისწრაფვიან ჩვენს ენერგეტიკაში საინვესტიციო პოტენციალის ჩასადებად? იქნებ დაგვისახელოთ ეს ქვეყნები“, – მიმართა კახაძემ ეკონომიკის მინისტრს.