სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო მეტნაკლებად კონკურენტული, კენჭისყრის დღე ტექნიკურად, ძირითადად, კარგად ადმინისტრირებული. თუმცა, მმართველი პარტიის ხელში კონცენტრირებულმა ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა რესურსმა ხელი შეუშალა თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას.
ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და მათზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებამ. ორივე ტურზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნების მიმდებარედ პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა აღრიცხვის, ორგანიზებულად მიყვანის, სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები და კენჭისყრისას დაფიქსირებული სხვა დარღვევები, რამაც ნეგატიური გავლენა იქონია საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობაზე.
ISFED-ის თანახმად, არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილი დარღვევებისა და ტენდენციების ერთობლიობას, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.
“არჩევნების წინ განხორციელებული საარჩევნო რეფორმის პირობებში გაუმჯობესდა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა. ცვლილებების შედეგად ამოქმედდა საარჩევნო კომისიების პარტიული წევრების დანიშვნის უფრო სამართლიანი, პარიტეტზე დაფუძნებული, წესი. თუმცა, პრაქტიკაში, საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების შერჩევაზე კვლავ შენარჩუნდა მმართველი პარტიის გავლენა
წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა მეტად გამჭვირვალე და შინაარსიანი დისკუსიები კომისიის სხდომებზე. თუმცა, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესმა და კონკრეტული დარღვევების მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის არასათანადო რეაგირებამ, ვერ უზრუნველყო სანდოობისა და მიუკერძოებლობის თაობაზე არსებული კითხვების გაქარწყლება”, – ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება მედიაგარემოს, ანგარიშის თანახმად, მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო.
“ტრადიციულ მედიაში არსებული მდგომარებოს გამო, ამომრჩეველი მოკლებული იყო ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას, რაც გავლენას ახდენს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაზე; პოლარიზაციის ხარისხი დაბალი იყო ონლაინ გამოცემებში. ონლაინ მედიის ნაწილი იცავდა სარედაქციო დამოუკიდებლობის და ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების პრინციპებს.
განსაკუთრებით პრობლემური იყო ჟურნალისტებისთვის, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის, მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები, რასაც ახალისებდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული აგრესიული და მადისკრედიტირებელი განცხადებები.
ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიების სახეს ატარებდა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებელთა მიმართ მკაცრი სანქციების გამოყენება, ასევე, მედიამენეჯერებისა და მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დავები, რაც შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს შეიცავს”, – აცხადებს ISFED.
„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, არჩევნების წინ განხორციელებული საარჩევნო რეფორმის პირობებში გაუმჯობესდა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და ამოქმედდა საარჩევნო კომისიების პარტიული წევრების დანიშვნის უფრო სამართლიანი, პარიტეტზე დაფუძნებული წესი, თუმცა პრაქტიკაში საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების შერჩევაზე კვლავ შენარჩუნდა მმართველი პარტიის გავლენა.
ISFED მიიჩნევს, რომ წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ცესკოს განახლებულმა შემადგენლობამ და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრების რაოდენობის გაზრდამ განაპირობა მეტად გამჭვირვალე და შინაარსიანი დისკუსიები კომისიის სხდომებზე, თუმცა ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის პროცესმა და კონკრეტული დარღვევების მიმართ საარჩევნო ადმინისტრაციის არასათანადო რეაგირებამ, ვერ უზრუნველყო სანდოობისა და მიუკერძოებლობის თაობაზე არსებული კითხვების გაქარწყლება.
რაც შეეხება სასამართლოს, ISFED-ის თანახმად, ძირითადად, აგრძელებდა საარჩევნო კომისიების მიერ დადგენილ პრაქტიკას და საარჩევნო კანონმდებლობის ვიწრო ინტერპრეტაციის გზით იღებდა გადაწყვეტილებებს; სასამართლოს გადაწყვეტილებები შაბლონური იყო და ვერ აკმაყოფილებდა დასაბუთებულობის მინიმალურ სტანდარტს.
„სამართლიანი არჩევნები“ ასევე, ყურადღებას ამახვილებს, რომ ცესკომ, წინა წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, გააჭიანურა საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგები დროულად იყო შეჯამებული. ამან 2017 წელს არჩეულ, ფაქტობრივად, მანდატამოწურულ საკრებულოებს შესაძლებლობა მისცა, დაემტკიცებინათ მუნიპალიტეტების 2022 წლის ბიუჯეტები.