დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რათა ერთობლივად მოძებნონ გამოსავალი.
განცხადებას არმაზ ახვლედიანი “ფეისბუქზე” ავრცელებს
“დროა, გავერთიანდეთ, შევიკრიბოთ და ერთად გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე პროტესტი ამ ანომალიური მმართველობისა და დანაშაულებრივი სისტემის წინააღმდეგ!”
ახვლედიანის თქმით, მისი იდეის უნიკალურობა სამართლიანი შესაძლებლობაა, ყველამ ერთად ჩამოაყალიბოს დანაშაულებრივი, ჩაკეტილი წრის გარღვევისა და ღირსეული მომავლის პრაგმატული გეგმა.
“პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში გთავაზობთ არა გამზადებულ რეცეპტს მძიმედ დასნეულებული ქვეყნის გადასარჩენად, არამედ უნიკალურ, სამართლიან შესაძლებლობას, ყველამ, ხელისუფლებაში მყოფი არაერთი წესიერი, პროფესიონალი და გულანთებული ადამიანის ჩათვლით, ვინც მზად ვართ ამ უბედობის ჟამს, ერთად, უანგაროდ შევეხიდოთ საერთო საქმეს, განზე გადავდოთ განსხვავებულობა და დაპირისპირება, განვსაზღვროთ ამ ჩიხიდან გამოსვლის სწორი გზა, ჩამოვაყალიბოთ დანაშაულებრივი, ჩაკეტილი წრის გარღვევისა და ღირსეული მომავლის პრაგმატული გეგმა!” – წერს ის განცხადებაში.
არმაზ ახვლედიანი მოუწოდებს საზოგადოებას, შეიკრიბონ ბათუმში. ინფორმაციას დროსა და ადგილზე კი მოგვიანებით გაავრცელებს.
“ჩვენ შევიკრიბებით ბათუმში. ზუსტ დროს და ადგილს მალე შეგატყობინებთ. სწორედ ბათუმიდან და აჭარიდან ვიწყებთ მძლავრ სახალხო მოძრაობას, რომელიც მოედება ქვეყნის ყველა რეგიონს და წერტილს დაუსვამს უიმედობას! აიძულებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაითვალისწინოს საქართველოს მოქალაქეთა ნება!
“ვაჩვენოთ ამ მთავრობას, რომ ჩვენი კანონიერი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, მისი მმართველობის დრო სულ მალე ამოიწურება და ხალხის სამართლიანი განაჩენის აღსრულებას ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს!” – წერს არმაზ ახვლედიანი.