LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაგრძელებთ საკლუბო ღამეების ჩატარებას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომლის შემუშავებაზეც უამრავი დრო და რესურსი დაიხარჯა – საკლუბო სექტორის წარმომადგენლების განცხადება

95
ღამის კლუბები

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მასში ნათქვამია, რომ კლუბები აგრძელებენ ღონისძიებების ჩატარებას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომლის შემუშავებაზეც დიდი რესურის აქვთ დახარჯული. აქვე აღნიშნულია, რომ თუკი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, მზად არიან კარის პოლიტიკა კიდევ უფრო გაამკაცრონ.

“მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კვლავ არ გვაძლევს საქმიანობის უფლებას, საქართველოში არსებული ყველა კლუბის წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება – ვაგრძელებთ საკლუბო ღამეების ჩატარებას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომლის შემუშავებაზეც უამრავი დრო და რესურსი დაიხარჯა და რომელიც აღიარებულია თავად შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

25 დეკემბერს, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ისინი დაინტერესებულები იყვნენ პრობლემის მოგვარებით. გაიმართა შესაბამისი შეხვედრაც მთავრობის კანცელარიაში. სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების მიერ საკლუბო სივრცეების გახსნის წინაპირობად წარმოდგენილი იყო შემდეგი შეთავაზება: – 31 დეკემბრიდან – 14 იანვრამდე საკლუბო სივრცეებში ჩატარდეს 6 სატესტო ღონისძიება, რის შემდეგაც, ვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური ვითარების მოსალოდნელი დამძიმების გამო, კვლავ გაურკვეველი ვადით შევწყვიტოთ მუშაობა, რა შემთხვევაშიც თებერვლის თვეში ანაზღაურდება წვეულებების გაუქმებით მოყენებული ზარალი; – საკლუბო სივრცეებში უნდა დავუშვათ მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები, რომლის საფასურის გადახდაც თავად სტუმარს ეკისრება. ხოლო რა პირობებით მოხდება დასაქმებული პირების დასწრება ჯერ კიდევ დაუდგენელია.

ჩვენი აზრით, იმის პარალელურად, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით თავად ხელისუფლების მიერ იმართება მრავალათასიანი საახალწლო კონცერტები და შეკრებები, ეს შეთავაზება უსამართლო და დისკრიმინაციულია და ამასთანავე, შეუსაბამოა კვლევებზე დაფუძნებულ პროტოკოლთან, რადგან არ ემსახურება უსაფრთხო სივრცის კონცეფციას და არ ისახავს მიზნად ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობას.

ხელისუფლებას თავისი გადაწყვეტილების მოტივად მაგალითად მოჰყავს სხვადასხვა ქვეყნებში საკლუბო სივრცეების დახურვა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნულ ქვეყნებში, ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო არამხოლოდ ფინანსურად ეხმარებოდა სივრცეებს, არტისტებსა და დასაქმებულ ადამიანებს, არამედ უსაფრთხოების პროტოკოლის საფუძველზე საქმიანობის საშუალებაც ჰქონდათ.

ჩვენ 22 თვის განმავლობაში ა რ ც ე რ თ ხ ე ლ მოგვცემია ჩვენი სივრცეების გახსნის უფლება.

გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყნებში ომიკრონის შტამის რეკორდული გავრცელების გამო დახურვის გადაწყვეტილება შეეხო არამხოლოდ კლუბებს, არამედ თანაბრად ყველა ხალხმრავალ სივრცეებსა და ღონისძიებებს, საახალწლო კონცერტების ჩათვლით.

გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ჩვენი მიზანია არა უბრალოდ საკლუბო სივრცეების გახსნა, არამედ მისი გახსნა უსაფრთხოდ – შესაბამისად, შემხვედრი წინადადების სახით ჩამოვაყალიბეთ ჩვენეული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს სივრცეებისთვის საქმიანობის დაშვება. საერთო შეთანხმებამდე, კლუბები ვაგრძელებთ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით წვეულებების გამართვას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, მზად ვართ კიდევ უფრო გავამკაცროთ კარის პოლიტიკა. სხვა შემთხვევაში, კლუბების მიმართ შესაძლო სადამსჯელო ღონისძიებები აღქმული იქნება, როგორც ხელისუფლების მიერ გამოხატული კიდევ ერთი მტრული და დისკრიმინაციული ნაბიჯი, რაც უპირობოდ გახდება პროტესტის საფუძველი. ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ სახელმწიფო სამართლიან, ჩვენი სფეროს ინტერესებსა და საზოგადოების ჯანმრთელობის იდეაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები ვინარჩუნებთ სიმტკიცეს, ერთობას და პრობლემის გადაჭრის სურვილს,” – წერია განცხადებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g