LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე – აშშ-ის საელჩო

121

საქართველოში ამერიკის საელჩო აგვისტოს ომის მოახლოებულ წლისთავს ეხმიანება და განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მომავალ კვირას 10 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში საერთაშორისო საზღვრის გადმოლახვით შეიჭრა და შეეცადა, ეს საზღვრები ძალის გამოყენებით შეეცვალა. რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცი შევიდა ქალაქ გორსა და კონფლიქტის ზონიდან მოშორებულ სხვა ადგილებში, მაგალითად ფოთის პორტში – შორს მთავარი საბრძოლო არეალიდან.

რუსეთმა, ასევე, დაიკავა აფხაზეთის ის ბოლო მონაკვეთი, რომელსაც საქართველო აკონტროლებდა და სადაც ბრძოლა არ მიმდინარეობდა. რუსეთის თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთის არმია შეიჭრა სხვა სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ძალისმიერად შეცვლის მიზნით. რუსეთი დღემდე იკავებს საქართველოს ტერიტორიას.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე. ეს ვალდებულება რუსეთმა 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აიღო,” – წერია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

ამასთან ცნობილია, რომ 11 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები