LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 იანვარს დედაენის ბაღში საახალწლო დასკვნითი კონცერტი გაიმართება

79
271129045-5351257974890759-586271757892456089-n

„საახალწლო სოფელი“, რომელიც 24 დეკემბერს გაიხსნა, 14 იანვარს დედაენის ბაღში დასკვნითი კონცერტით დაიხურება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ თბილისის მერიის თანამშრომლებს და ასევე, ბიზნესსექტორს საახალწლო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საახალწლო სოფელს“ ამ დღეებში ბევრი ადამიანი სტუმრობდა, რაც სასიხარულოა. ნამდვილად საახალწლო განწყობა იყო შექმნილი. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს დღეები ყოფილიყო დასამახსოვრებელი ყველა ადამიანისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის ყველა იმ თანამშრომელს და საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც პირველი დღიდან ჩართული იყვნენ საახალწლო ღონისძიებების მზადებისა და განხორციელების პროცესში. მადლობა მათ ყველას უკლებლივ. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს. ძალიან დიდი შრომა ჩაიდო იმისთვის, რომ საახალწლო განწყობა და ზეიმი შეგვექმნა თბილისში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ჩამოსული სტუმრებისთვის. ვფიქრობ, ეს ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, მადლობა გადაუხადა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერისა და სხვადასხვა ადგილის საახალწლოდ მორთვისთვის.

„ასევე, მადლობა მინდა, გადავუხადო ბიზნესსექტორს თანამშრომლობისთვის, მხარდაჭერისთვის, რომელთა აქტიური ჩართულობითა და თანადგომით, თბილისში არაერთი სკვერი და პარკი მოირთო, განათდა საახალწლო ილუმინაციებით, რაც ძალიან სასიამოვნოა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო ყველა იმ მეწარმეს, ვინც ჩართული იყო საახალწლო ღონისძიებებში. პანდემიის პერიოდში მათ სერიოზული პრობლემები შეექმნათ. მაქსიმალურად ხელი შევუწყვეთ ამ ადამიანებს, რომ მათ თავიანთი ნაწარმის გაყიდვის შესაძლებლობა ჰქონოდათ. იყო ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან. ამ პირობებში კი, განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ პანდემიის დროს დაზარალებული ასობით მცირე და საშუალო მეწარმე, კვების ობიექტი, საბავშვო გასართობი ცენტრი თუ სტუდია, საახალწლო ღონისძიებებშია ჩართული, ასევე, სამკვირიან მუსიკალურ-გასართობ პროგრამაში, ჯამში, 1 000-ზე მეტი მუსიკოს-შემსრულებელი იღებს მონაწილეობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ 14 იანვარს დედაენის ბაღში დაგეგმილი დასკვნითი კონცერტის პროგრამაზეც ისაუბრა და მოქალაქეებს პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„14 იანვრამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. იქამდე კი შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვესტუმროთ „საახალწლო სოფელს“ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, დავისვენოთ, გავერთოთ და ერთად გავატაროთ სასიამოვნო დრო. 14 იანვარს, 20:00 საათზე გიწვევთ დედაენის ბაღში დასკვნით კონცერტზე, რომელიც რუსუდან მორჩილაძემ მოამზადა ძველით ახალი წლისთვის. ჟანრობრივად მრავალფეროვან მუსიკალურ საღამოზე, სხვადასხვა თაობის ქართველი შემსრულებლები და ჯგუფები, მუსიკალური ბენდის თანხლებით, საახალწლო და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს შეასრულებენ. კვლავ გელით „საახალწლო სოფელში“, ამავე დროს, მოგმართავთ თხოვნით, გავითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული კოვიდვითარება, ვიზრუნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და ვატაროთ პირბადე. ასევე, ვაქცინა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამცავი შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები