LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შიდსით დაავადებულთა რიცხვი მატულობს – საქართველოში აივ ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

წელს აივ ინფიცირების 397 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ცნობით, შარშან იგივე პერიოდში 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ცენტრის ინფორმაციით, 1989 წლიდან დღემდე ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში სულ 7159 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული. მათ შორის 5355 მამაკაცი და 1804 ქალია. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3782 პაციენტს. მათივე ცნობით, 1460 პაციენტი გარდაიცვალა.

30 ივნისის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 4365 პაციენტი, მათგან 49 ბავშვია. 2018 წელს გარდაიცვალა 80 აივ ინფიცირებული, ხოლო 2017 წელს – 127.

გარდა ამისა, 2017 წელს სოხუმის შიდსის ლაბორატორიაში ვირუსით ინფიცირების 1100 შემთხვევა გამოვლინდა. დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის ვენეროლოგიური დისპანსერის, ექიმ ლუდმილა ავიძბას ცნობით, 15 წლის განმავლობაში შიდსის ვირუსით გარდაცვლილია 200 ადამიანი. დისპანსერში კონკრეტული სტატისტიკა არ აქვთ, რადგან ბევრი ინფიცირებული აღრიცხვაზე არ არის.

მედიაში ვრცელდება დაახლოებითი სტატისტიკა, რომლის მიხედვით ყოველთვიურად სოხუმის შიდსის ცენტრში 8-დან 10-მდე ახალი აივ ინფექციით დაავადებული პაციენტი შედის. შარშან ვირუსი 80 ადამიანს აღმოჩნდა. დღეისთვის ეს ციფრი 398-მდეა ასული, რომელთაგან 6 ბავშვია.

„ჩვენ ისედაც მცირერიცხოვანი ერი ვართ და თითოეული ასეთი შემთხვევა ტრაგედიის ტოლფასია. საზოგადოებაც და ხელისუფლებაც უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვებრძოლოთ 21-ე საუკუნის ჭირს,“ – ამბობს ლუდმილა ავიძბა.

დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის შიდსის ცენტრის უფროსი, საიდა პალბა აცხადებს, რომ აფხაზეთში ყოველწლიურად 15 ადამიანი იღუპება აივ ინფექციისგან. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე აფხაზეთიდან 8 ადამიანი გადის მკურნალობას თბილისის შიდსის ცენტრში. მათ საქართველოს მთავრობა უფასოდ უწევს სამედიცინო დახმარებას.

განსაკუთრებით საგანგაშოა იმ არასრულწლოვანთა რაოდენობა, რომლებიც შიდსის ვირუსის მატარებლები არიან. სულ საქართველოში გამოვლენილია 106 აივ ინფიცირებული ბავშვი, მათგან 66 არის ბიჭი და 40 გოგო.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ საქართველოში აივ შიდსის კონტროლის მექანიზმი ხელმძღვანელობს აივ შიდსის ეროვნული სტრატეგიით (2019-2022 წლების სტრატეგია დამტკიცდა 2018 წლის 20 ივლისს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მიერ). უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შიდსთან ბრძოლის მთავარი გზა პრევენციაზე, დროულ დიაგნოსტიკაზე, ეფექტურ მკურნალობასა და ეპიდზედამხედველობის კომპლექსურ ღონისძიებებზეა დამყარებული.

“აივ ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამა უფასოა მოსარგებლისთვის, ანუ, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან. პროგრამა მოიცავს აივ ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობით კონსულტირებას და ტესტირებას, მკურნალობას ამბულატორიულ და სტაციონარულ რეჟიმში. ასევე, ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით უზრუნველყოფას (2017 წლიდან არვ მედიკამენტების მოსარგებლეები, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, არიან საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირებიც),” – განუმარტეს “ფორტუნას” ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, შიდსის პროგრამის ერთერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს შიდსის სკრინინგული ღონისძიებები, რაც ზრდის შიდსის გამოვლენას. ეს ღონისძიებები განსაკუთრებით გააქტიურებულია c ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტთან მიმართებით, ტარდება ტანდემ ტესტირებები (c ჰეპატიტსა და შიდსზე) და სამმაგი სკრინინგები (c ჰეპატიტზე, შიდსსა და ტუბერკულოზზე).

“დროული დიაგნოსტიკისა და გამოვლენის მოცვის გაზრდისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია 15 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენება (2014 წლიდან მაღალი რისკის მქონე პირთა მაქსიმალურად მოცვის მიზნით, მათ აღარ მოეთხოვებათ პირადი ნომრის წარდგენა, საკმარისია 15 ნიშნა დაშიფრული კოდით იდენტიფიცირება). ანტირეტროვირუსული მკურნალობა (არვ) ხელმისაწვდომია აივ შიდსის სახელმწიფო პროგრამის ყველა ბენეფიციარისთვის. ეს მკურნალობა უზრუნველყოფს დაავადების პროგრესირების ეფექტურ კონტროლს და ამასთანავე, ამცირებს ვირუსის გადაცემის რისკს. ქვეყანაში დანერგილია ჯანმოს ყველა უახლესი რეკომენდაცია – არვ მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყება, უახლესი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდები,” – გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.

განვითარებულ ქვეყნებს შიდსის აღარ ეშინიათ, რაც თავის მხრივ პრობლემაა, რადგან მდიდარი ქვეყნების ნაწილი ამ დაავადების კვლევასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე ნაკლები ფულის დახარჯვას იწყებს. ინფორმაციას Tages-Anzeiger ავრცელებს.

შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს 50 ქვეყანაში მუდმივად იზრდება, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც არიან, მაგალითად: ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია – ამ ქვეყნებში აივ ინფექციით დღეს იმაზე მეტი ადამიანი ინფიცირდება, ვიდრე გასულ წლებში.

გამოცემის ცნობით, დღეს მსოფლიოში აივ ინფექციით 39 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ყოველწლიურად ვირუსი 1 მილიონამდე ადამიანს კლავს. ამავე გამოცემის სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად აივ ინფექციით 1.8 მილიონი ადამიანი ავადდება. სახელმწიფოების მიზანი, რომ შიდსით ახლადინფიცირებულთა რაოდენობა 2020 წლისთვის 500 ათასამდე შეემცირებინათ, უკვე რთული მისაღწევია. ინფექციის გავრცელების ძირითადი მიზეზი დაუცველი სქესობრივი კავშირია. ინფიცირებულთა დიდ ნაწილს ვირუსი ინექციური ნარკოტიკებით გადაედო – პირველ რიგში, ეს ეხება აღმოსავლეთ ევროპას, რუსეთს და აზიას.

ამ მონაცემების მიუხედავად, დღეს მსოფლიოში შიდსით ორჯერ ნაკლები ადამიანი იღუპება, ვიდრე 15 წლის წინ. თუმცა, განვითარებად ქვეყნებში მილიონობით ადამიანს ვირუსზე მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებზე წვდომა არ აქვთ.

გაეროს მონაცემების მიხედვით, 2013-2016 წლებში აივ ინფექციასა და შიდსთან ბრძოლისთვის გამოყოფილი თანხები ერთი მეხუთედით შემცირდა, ეს მაშინ, როდესაც ინფექციის გავრცელების შესაკავებლად წლიურად დამატებით 6 მილიარდი ევროა საჭირო.

შიდსის ვირუსის გავრცელების ძირითადი გზები დაუცველი სქესობრივი კონტაქტი; ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმა; აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებაა. გარდა ამისა, შიდსის ვირუსი გადაეცემა ინფიცირებული დედისგან ნაყოფს ან ახალშობილს მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

 

თათია კაკიაშვილი

 

 

 

 

magti 5g