LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი გაიფიცება – რა მოთხოვნები აქვთ მათ

175
Untitled design

ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 390-მა თანამშრომელმა, 17 იანვრიდან გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო.

სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულების გაფიცვის შესახებ, ჯანდაცვის სამინისტროში განცხადება დღეს შეიტანეს.

როგორც “სოლიდარობის ქსელში” აცხადებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ორშაბათს თითქმის ყველა ცენტრი დაიხურება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და ღირსეული ანაზღაურებაა.

სოლიდარობის ქსელის იურისტის, დავით ომსარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებების პროცესი წარუმატებლად დასრულდა, პროტესტი კი იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება:

“სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ჰქონდათ და აქვთ კოლექტიური დავა სააგენტოსთან. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს და ღირსეულ ანაზღაურებას, თუმცა, სამწუხაროდ, როგორც მედიაციის პროცესი, ასევე შემდგომი მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. სააგენტო ამდენი ხნის მანძილზე არასერიოზულად უდგება ჩვენს პროტესტს, რამაც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანა.

გუშინ შეტყობინება გავგზავნეთ, როგორც სააგენტოში, ასევე მინისტრთან, რომ 17 იანვრიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცება, რაც ნიშნავს იმას, რომ ცენტრების უმეტესობა ფუნქციონირებას შეწყვეტს.

ეს ადამიანები იფიცებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, თუმცა ამ ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვეს მონურ პირობებზე და ახლა უკვე მივმართეთ პროტესტის უკიდურეს ფორმას და გავიფიცებით იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.

რაც შეეხება მოთხოვნებს:

ამ ადამიანების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა ხელფასების 100%-ით მატება, იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობენ ისეთ ხელფასზე, რომლითაც არსებობა შეუძლებელია. ზოგიერთ შემთხვევაში იღებენ უფრო დაბალ ანაზღაურებას, ვიდრე სოციალურად დაუცველი ადამიანები იღებენ დახმარებას;

ეს ადამიანები ითხოვენ ტრანსპორტის ხარჯებს. მათ უწევთ გადაადგილება საქართველოს მასშტაბით და თავისი ჯიბიდან უწევთ ტრანსპორტის ხარჯების გადახდა;

ასევე, პროფკავშირი ითხოვს კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას. ითხოვენ, რომ ყოველწლიურად მათი ხელფასი ინფლაციასთან მიმართებით გაიზარდოს;

ასევე, ეს ადამიანები ითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს, როგორიცაა დაზღვევა და ასე შემდეგ. დაახლოებით 12 წელია ამ ადამიანების ხელფასი არის უცვლელი. სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი ეს არის 200 ლარი ხელზე ასაღები და შემდგომ გამომუშავებით. სამწუხაროდ, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როცა შევიტყვეთ, რომ მინისტრი გადადგა. ვითხოვდით კომუნიკაციას, თუმცა ამის შემდგომ კომუნიკაცია ფაქტობრივად შეწყდა”, – განაცხადა სოლიდარობის ქსელის იურისტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g