არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გელათის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საია-ს განცხადების თანახმად, მათ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის საქმეზე გამოძიებას კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ან განადგურების მუხლით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.
ორგანიზაციის ცნობით, საიამ 2021 წლის 7 დეკემბერს განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე საქმის ფარგლებში გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა (მითვისება ან გაფლანგვა დიდი ოდენობით) და 2592 მუხლის მე-4 ნაწილით (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნების გამო.
აღსანიშნავია ისიც, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ამ დრომდე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამასთანავე, არ მოგვეწოდა ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისა და ამ დრომდე გამოძიების დაუსრულებლობის მიზეზების შესახებ.
ასევე, რადგან გელათის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნებიც, გაუგებარია, რატომ არ დაიწყო საგამოძიებო ორგანომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით (სამსახურებრივი გულგრილობა) იმ პირობებში, როდესაც საიამ გენერალურ პროკურატურას მიაწოდა შესაბამისი მტკიცებულებები.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების შესახებ საქმეს იძიებს ის საგამოძიებო ორგანო, რომელსაც ფინანსური დანაშაულების გამოძიების გამოცდილება აქვს და არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებასთან დაკავშირებით შესაბამისი გამოცდილება.
ამდენად, საკითხის მნიშვნელობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, ეს საქმე გამოიძიოს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა“, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
გამოძიების ყოველმხრივ და სრულყოფილად წარმართვისთვის საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს:
- სისხლის სამართლის საქმე, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამოსაძიებლად დაექვემდებაროს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს;
- გამოძიების მიმდინარეობისას, კვალიფიკაციის ნაწილში დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი (სამსახურებრივი გულგრილობა);
- მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა მიმდინარე შედეგების შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.