მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მეორე კატეგორიის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, თითქმის 4 წელი გავიდა. რეგულაცია, რომელსაც მოქალაქეებსა და მედიკოსებში თავის დროზე დიდი პროტესტი და ვნებათაღელვა მოჰყვა, 4 წლის თავზე ასე აღარ აპროტესტებენ. მედიკამენტების ნაწილზე სახელმწიფომ თავად გაამარტივა მიდგომა და დაუშვა ურეცეპტოთ გაცემა, ნაწილზე კი აფთიაქებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება. მოქალაქეების ნაწილი მედიკამენტებს, რომელთა ურეცეპტოდ შეძენა დაუშვებელია, სწორედაც რომ რეცეპტის გარეშე ყიდულობენ.
გაზაფხულიდან მოყოლებული დღემდე შვილისა და ოჯახის წევრებისთვის ანტიბიოტიკებს ურეცეპტოდ და უპრობლემოდ ყიდულობს ნანა ნოზაძე. მეტიც, რეცეპტებს მას არც ექიმები უწერენ.
აფთიაქში ანტიბიოტიკის ყიდვისას პრობლემა შეექმნა ნინი მაჩაბელის მეუღლეს. იმ ფონზე, როცა ნინი კონკრეტულ აფთიაქში თვეების განმავლობაში მედიკამენტებს ურეცეპტოდ ყიდულობდა, ფარმაცევტებმა მის მეუღლეს რეცეპტი მოსთხოვეს, რომელიც არ აღმოაჩნდა. საბოლოოდ მედიკამენტის ყიდვა ნინის მოუწია და ფარმაცევტებმა ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ მის მეუღლეს ნაკლებად იცნობდნენ, შესაბამისად, რეცეპტიც ამიტომ მოსთხოვეს.
ვინ და სად უშვებს შეცდომას?! „ფორტუნა“ ამ თემით დაინტერესდა და ჯანდაცვის სამინისტროს კითხვით მიმართა თუ რა შეიცვალა 4 წლის წინანდელ რეგულაციაში.
2014 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში” ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა.
როგორ „ფორტუნას“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, აფთიაქების შემოწმება პერმანენტულად ხდება, დარღვევის შემთხვევაში იწერება ოქმი, რომელიც გადაეცემა სასამართლოს. ოქმზე შემდგომი რეაგირება კი უკვე სასამართლოს პრეროგაატივაა.
ის, რომ 4 წლის წინანდელ რეგულაციაში არაფერი შეცვლილა და II ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა განიხილება როგორც სამართალდარღვევა, ამას ადასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. თუმცა, რიგი აფთიაქების თვითნებობას იმით ხსნიან, რომ ნებისმიერ სფეროში წესისა და კანონის მიღმა არსებობს სამართალდარღვევის რისკები.
„მისასალმებელია, რომ ექიმები, ისევე, როგორც აფთიაქები აღასრულებენ კანონს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და ითვალისწინებენ ამ კანონით დადგენილ ვალდებულებებს. თუმცა, აღნიშნულ სისტემაში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, არსებობს სამართალდარღვევის რისკები, რაც გამოიხატება აფთიაქებიდან ერთეული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაში. სწორედ მსგავსი შემთხვევების აღმოფხვრის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო, მარეგულირებელი ორგანოს საშუალებით, ახორციელებს აფთიაქების მუდმივ მონიტორინგს სამართალდამრღვევი აფთიაქების და ფარმაცევტული პროდუქტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტების გამოსავლენად. ამასთან, მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტების გამოვლენისას, ხორციელდება სათანადო მყისიერი რეაგირება. კანონით მონიჭებული უფლებით, მეორე ჯგუფის მედიკამენტების ფორმა N3 რეცეპტის გარეშე გაცემა ითვალისწინებს აფთიაქის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობა არ განიხილავს ამ მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შესაძლებლობას“, – განუცხადეს „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყების ცნობით, მედიკამენტების რეცეპტით გაცემის კონტროლისა და პაციენტების უსაფრთხო მკურნალობის გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებით ექიმის მიერ ხორციელდება რეცეპტის ელექტრონული ფორმატით გამოწერა.
„გარდა ამისა, 2016 წლის წლის აგვისტოდან ყველა ავტორიზებული აფთიაქი ვალდებულია, უზრუნველყოს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალების (პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტები) რეალიზაცია ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირის საშუალებით. აღნიშნული მედიკამენტების ურეცეპტოდ რეალიზაციის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირი და ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი ის პირი, რომელიც სამართალდარღვევის ფაქტის დადგომისას ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით (3 წელი) მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგისტრირდება სპეციალურ რეესტრებში, რის საფუძველზეც სამი წლის განმავლობაში მას ეზღუდება როგორც აღნიშნული თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე, ერთი წლის განმავლობაში არ შეუძლია დაიკავოს არც მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებული თანამდებობა“, – აღნიშნეს სამინისტროში.
ქეთი გიგოლაშვილი