LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დასრულდება პანდემია – ფაქტები და მითები ომიკრონ ვარიანტის შესახებ

4035
1

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შტამის, “ომიკრონის” აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა გასული წლის 25 ნოემბერს განაცხადეს.

მისი უცნობი ბუნების გამო, თავდაპირველად არავინ იცოდა, როგორ იქნებოდა ახალი შტამი, დაავადების რამდენად მძიმე ფორმებს გამოიწვევდა, იქნებოდა თუ არა არსებული კოვიდვაქცინები ეფექტიანი მის წინააღმდეგაც და ა.შ.

“ომიკრონის” აღმოჩენიდან 2 თვე გავიდა, ამ დროის განმავლობაში კი მის შესახებ მრავალი მითი დაგროვდა. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ერთად უყრის თავს ყველა იმ მითსა თუ რეალობას, რომელიც “ომიკრონის” ვარიანტს უკავშირდება და პუნქტების სახით გვთავაზობს

 

 

მითია თუ რეალობა? – WHO “ომიკრონის” შესახებ

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით:

?  ფაქტია, რომ ომიკრონის ვარიანტი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა, იგი საშიშ ვირუსად რჩება არავაქცინირებულებისთვის.

❌  მითია: კოვიდ-19-ის ომიკრონ ვარიანტი მსუბუქი დაავადებაა.

ომიკრონი განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.

ფაქტი: ომიკრონი ჯანდაცვის სისტემებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

❌  მითი: ვინაიდან ომიკრონი ნაკლებად მძიმე ვარიანტია, იგი გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირებას და ჩვენი ჯანდაცვის სისტემები შეძლებენ მას გაუმკლავდნენ.

ომიკრონს გავრცელების მაღალი კოეფიციენტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იგი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, შემთხვევების სწრაფი ზრდა გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის ზრდას, რაც ზეწოლას მოახდენს ჯანდაცვის სისტემებზე და გაძნელდება როგორც კოვიდ-19-ით ინფიცირებული, ასევე სხვა დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა.

ფაქტი: ვაქცინაცია წარმოადგენს საუკეთესო დაცვას ომიკრონისგან.

❌  მითი: ვაქცინა არ მუშაობს ომიკრონის წინააღმდეგ.

მოსალოდნელია, რომ ვაქცინა დაგვიცავს ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილისაგან, ისევე, როგორც ეს დელტა ვარიანტის შემთხვევაში მოხდა. ვაქცინაცია იწვევს ორგანიზმის იმუნურ პასუხს ვირუსზე, რომელიც არა მხოლოდ გვიცავს ცირკულაციაში ამჟამად არსებული ვარიანტებისგან – მათ შორის ომიკრონისგან – არამედ, სავარაუდოდ, კოვიდ-19-ის მომავალი მუტაციებით გამოწვეული მძიმე დაავადებისაგანაც.

ფაქტი: არავაქცინირებული ადამიანები ყველაზე მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან.

მითი: ომიკრონი საფრთხეს არ წარმოადგენს არავაქცინირებული ადამიანებისთვის.

ახალ შემთხვევათა დიდი რაოდენობა იწვევს მზარდ ჰოსპიტალიზაციას იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი დომინანტური ვარიანტია, აქ ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობა არ არის აცრილი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ.

ფაქტი: ომიკრონი ზოგად გაციებაზე ბევრად საშიში დაავადებაა.

❌  მითი: ომიკრონი ზოგად გაციებას ჰგავს.

ომიკრონს გაციებასთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. ომიკრონ ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებს ურთულდებათ დაავადება და კვდებიან კიდეც. იგი ასევე ზრდის პოსტ-კოვიდური სიმპტომის განვითარების რისკს.

ფაქტი: ომიკრონი ზრდის COVID-19-ით რეინფიცირების რისკს.

❌  მითი: თუ COVID-19-ით ერთხელ მაინც ყოფილხართ ინფიცირებული, მაშინ ომიკრონისგან დაცული ხართ.

იმის მიუხედავად, უკვე ინფიცირებული ყოფილხართ თუ არა COVID-19-ის აქამდე არსებული ვარიანტებით, ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია, რადგან მაღალია ომიკრონით ინფიცირების რისკი.

ფაქტი: ბუსტერ დოზით ვაქცინაცია ამცირებს ომიკრონისა და COVID-19-ის ყველა სხვა ვარიანტისგან გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილის რისკს.

❌  მითი: ბუსტერი არაეფექტურია ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადების წინააღმდეგ.

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისაგან გამომუშავებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება. ბუსტერ დოზა აძლიერებს იმუნიტეტს და გვიცავს ამჟამად ცირკულაციაში არსებული ვარიანტებისა და მომავალი მუტაციებისაგან. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფებისთვის (60+ ასაკის ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი.)

ფაქტი: პირბადის ტარება ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგ.

❌  მითი: პირბადის ტარებას აზრი არა აქვს, რადგან ქსოვილში არსებული ნაპრალები ზომით ვირუსზე დიდია.

არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ გამოყენებული უსაფრთხოების ზომები (პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისაგან თავის არიდება, დაცემინება და დახველება მოხრილ იდაყვში და კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა) ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგაც.

ფაქტი: პანდემიის დასასრული ახლოს არ არის.

❌  მითი: ომიკრონ ვარიანტის გავრცელებასთან ერთად პანდემიის დასასრული ახლოვდება.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი პანდემიის დასასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ჯანმოს ევროპის რეგიონში ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა ოდნავ შემცირებულია, საქმე გვაქვს კოვიდ-19 შემთხვევების ძლიერ ზრდასთან.

მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება, კოვიდ-19-ის არსებული შემთხვევების უმეტესობა ჯერ კიდევ დელტა ვარიანტითაა გამოწვეული, რომელიც, როგორც ცნობილია, იწვევს დაავადების მძიმე ფორმებსა და სიკვდილს. იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი გახდა ან ხდება დომინანტური ვარიანტი, ადგილი აქვს კოვიდ-19-ის შემთხვევების გაორმაგებას ყოველი 1,5-დან 3 დღეში ერთხელ – შედეგად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც სწრაფად იზრდება.

პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია, რომ მივაღწიოთ ვაქცინაციის უფრო მაღალ დონეს რისკ-ჯგუფებში ჯანმოს ევროპის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქმე ეხება ვაქცინის თანასწორ გადანაწილებას როგორც ქვეყნებს შორის, ისევე ქვეყნების შიგნით და ეს უნდა გულისხმობდეს ყველა მოწყვლადი ჯგუფისა და სამედიცინო პერსონალის პრიორიტეტულად ვაქცინაციას”, – აღნიშნულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g