24 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ პოსტ-პროდუქციის კომპანია POSTRED-ის მმართველი პარტნიორი თინა ბაბაკიშვილი სტუმრობდა, რომელმაც კომპანიის წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
– თინა, კომპანია POSTRED-მა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან კინოსტუდიებთან, მათ შორის, Netflix-თან, Formosa Group-თან და Harbor Pictures-თან, უამრავი წარმატებული პროექტი განახორციელა და როგორც ჩანს, არც მომავალში აპირებს გაჩერებას. საინტერესოა, თვითონ რომელი პროექტით ამაყობთ ყველაზე მეტად?
– ყველა პროექტით ძალიან ვამაყობთ. მართალია, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საწყის ეტაპზე მუშაობა და იმ პროექტების განხორციელება იყო, რომლებიც დღეს ნაკლებად მასშტაბურად გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში, არ არსებობს პატარა და დიდი პროექტები, რადგან ნებისმიერი საქმე სრულყოფილად და პროფესიონალურად უნდა შესრულდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცნობილ ჰოლივუდურ ფილმზე „კივილზე“ და HBO-ს სერიალზე „ეიფორიაზე“ მუშაობა, რომლის წყალობით საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის სიყვარული დავიმსახურეთ.
– რამდენად მნიშვნელოვანი იყო USAID-ის ხელშეწყობა?
– ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ USAID-ის დახმარებით გავაუმჯობესეთ ჩვენი IT-სტრუქტურა, რომელიც ახლა ბევრად დაცული და უსაფრთხოა.
– როგორ მოახერხეთ მსხვილი უცხოური კომპანიების ნდობის მოპოვება?
– გარდამტეხი თამთა გაბრიჩიძის ფილმი „სოვდაგარი“ აღმოჩნდა, რომელიც Netflix-ის წყალობით,,სანდენსის კინოფესტივალზე” მოხვდა და გამარჯვებაც მოიპოვა. ფილმს ჩვენც გავყევით და სწორედ ფესტივალზე გავიცანით მომავალი პარტნიორები. ვფიქრობ, უმთავრესი კომუნიკაცია და საჭირო კონტაქტების დამყარებაა.
– რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?
– ძალიან მომწონს და მაინტერესებს კინოინდუსტრია, ამიტომ ნებისმიერი საქმის შესრულება სიამოვნებას მანიჭებს.
– სამომავლოდ რომელ მსხვილ კომპანიებთან გეგმავთ თანამშრომლობას?
– მიხარია, რომ ისეთ მსხვილ კომპანიებთან, როგორიც HBO, Netflix, Paramount Pictures და Formosa Group-ია უკვე გვაქვს თანამშრომლობის გამოცდილება. იმედია, მომავალში კომპანიების ნუსხა უფრო გაფართოვდება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კონკრეტულ ადამიანებთან მუშაობაც, რომელთაც ყოველთვის საინტერესო პროექტები და შემოთავაზებები აქვთ. მაგალითად, „ეიფორიაზე“ კვენტინ ტარანტინოს ფილმების ხმის დიზაინერის უაილი სთეითმენის წყალობით ვიმუშავეთ, ვისთანაც მომავალშიც გვაქვს თანამშრომლობის იმედი.
– რამდენად მოგწონთ ანიმაციაზე მუშაობა?
– ანიმაციაზე უფრო საინტერესოა მუშაობა, ვიდრე ფილმზე, რადგან თვითონ ქმნი მთელ სამყაროს – პერსონაჟების ხმებს, მანერებს და სახასიათო თავისებურებებს.
– რომელ პროექტზე მუშაობდით ყველაზე დიდხანს?
– „ეიფორიაზე“ რადგან რვა სერიაზე მოგვიწია მუშაობა.
– როგორ ფიქრობთ, განვითარების რა ეტაპზე ხართ?
– ვფიქრობ, კარგად ვვითარდებით, თუმცა ჯერ ყველაფერი წინ გვაქვს.
– ახლა რაზე მუშაობთ?
– მიმდინარე პროექტებზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ძალიან ვამაყობთ, რომ ორი ამერიკული და ერთი უკრაინული ფილმი, რომელიც სანდენსის კინოფესტივალზე მოხვდა, ჩვენც ვიმუშავეთ. ამასთანავე, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა რიტა ბაღდათთან თანამშრომლობა და მის დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა.
– რამდენად შეძელით ბავშვობის ოცნებების ასრულება?
– ალბათ ავისრულე, რადგან ყოველთვის მინდოდა ფილმის შექმნაში მონაწილეობის მიღება. მართალია, პროფესიით სოციოლოგი ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ხელოვნება.
– ახლა რაზე ოცნებობთ?
– ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი სტუდიის განვითარებაა.
– უამრავ განსხვავებული სფეროს ადამიანთან გიწევთ ურთიერთობა. ეტიკეტის არ ცოდნის გამო ხომ არ შეგქმნიათ როდისმე პრობლემა?
– ჩვენს სფეროში ყველაზე დიდ უხერხულობად ფილმის ჩვენებისას რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის დისკუსიაში რიგითი თანამშრომლის ჩარევა ითვლება. საბედნიეროდ, ჩვენ მსგავსი შეცდომა არასდროს დაგვიშვია.
– როგორ მუშაობს POSTRED-ის გუნდი, რა პრინციპით განიხილება ახალი პროექტები?
– პირველ რიგში ვიდეომასალას ვეცნობით, კრეატიულ გადაწყვეტილებებს კი სუპერვაიზერი იღებს, რომელიც საკუთარი გუნდის წევრებს შორის ანაწილებს შესასრულებელ საქმეს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვას არ აქვს მოსაზრებების გამოთქმის უფლება. პირიქით, სწორედ იდეების მრავალფეროვნება გვეხმარება ზრდასა და განვითარებაში.
– რა კრიტერიუმებით აფასებთ პროფესიონალიზმს?
– ჩემთვის პროფესიონალიზმი ადამიანის შრომისმოყვარეობით და დისციპლინით განისაზღვრება, რადგან მხოლოდ ნიჭი საკმარისი არაა. ნიჭს გამოყენება და განვითარება სჭირდება , რისთვისაც მუდმივი მუშაობაა საჭირო.
– როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური საქმიანი პარტნიორი?
– ადამიანი, რომელიც ყურადღებით მისმენს, რადგან სწორედ მოსმენა და ყველა წვრილმანის ზუსტად გაგებაა ნებისმიერი წარმატებული თანამშრომლობის საწინდარი.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– მეტწილად გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრება მჭირდება.
ბლიცკითხვები:
– POSTRED-ის სლოგანი?
– „ჩვენ ვყვებით ამბებს!“
– თავად თუ ნახეთ „კივილი 5“?
– ჯერ არა და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ.
– რას გრძნობთ, როცა თქვენს ნამუშევარს უყურებთ?
– ყოველთვის ძალიან ვამაყობ.
– რომელ კერძს ამზადებთ ყველაზე გემრიელად?
– შემწვარ კარტოფილს.
– ფილმი, რომლის ნახვა არასდროს გბეზრდებათ?
– „გაქცევა შოუშენკიდან“.
– საყვარელი რეჟისორი?
– ძმები კოენები, კვენტინ ტარანტინო, მაიკ მილსი.
– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?
– ჩემს მეუღლეს და POSTRED-ის დამფუძნებელს ბესო კაჭარავას.
– რას თვლით საუკეთესო გართობად?
– ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება.
– ხართ თუ არა კოლექციონერი?
– მხოლოდ იმ ნივთებს ვაგროვებ, რომლებიც სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება.
– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?
– დიდ გულს.
– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?
– ჩემთვის, როგორც მენეჯერისთვის მთავარი მობილიზაცია და დისციპლინა, ოპერატიულობაა და დროის სწორად განაწილებაა.