LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოტე კემულარიასთან ქართულ სასამართლოებში წაგებული დავების საქმეზე, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა საქართველოს დავა სტრასბურგში მოუგო

82

იუსტიციის ყოფილ მინისტრ კოტე კემულარიასთან ქართულ სასამართლოებში წაგებული დავების საქმეზე, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა საქართველოს სახელმწიფოს დავა სტრასბურგში მოუგო. სახელმწიფომ დავა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანთან წააგო. საქმე ეხება 2005 წელს იუსტიცის ყოფილი მინისტრის კოტე კემულარიას განცხადებას, რომელიც მან მარიამ ჯიშკარიანის მისამართით გააკეთა.

„ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ის კორუფციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მარიამ ჯიშკარიანის დასკვნების საფუძველზე, ციხის საავადმყოფოში „ჯანმრთელი მსჯავრდებულები“ გადაყავთ.

ჯიშკარიანის ინფორმაციით, ამ განხადების გამო მან კოტე კემულარიას ქართულ სასამართლოებში უჩივლა, თუმცა იუსტიციის მაშინდელი მინისტრის განცხადებაზე სასამართლოს სამივე ინსტანციამ სიტყვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტი განავრცო. „ემპათიას“ ხელმძღვანელმა საქართველოს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2009 წელს უჩივლა და 20 სექტემბერს, სასამართლომ მის მიმართ ევროკონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) დარღვევა დაადგინა.

„2005 წელი ის პერიოდი იყო, როცა ციხეების რეფორმა იწყებოდა. მე გახლდით ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი და ამავე დროს დამოუკიდებელი ექსპერტი-ფსიქიატრი. მე გავაკეთე სხვადასხვა მსჯავრდებულებთან მიმართებაში საექსპერტო დასკვნები, რომლის თანახმადაც მათ მიმართ დარღვეული იყო საერთაშორისო სტანდარტები და ისინი არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ. ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა მედიიის საშუალებებით განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციას ჩემი მხრიდან და რომ „ჯანმრთელი პატიმრები“ ჩემი რეკომენდაციით გადაჰყავდათ ციხის საავადმყოფოში. საქმე გადასცა პროკურატურას გამოსაძიებლად. მე კოტე კემულარიას სასამართლოში ვუჩივლე და ეროვნული სასამართლოს სამივე ინსტანციამ დაადგინა – მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადება შესაძლოა შეიცავდა მცდარ ინფორმაციას, სიტყვის თავისუფლების კანონიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ჯდებოდა დებატებში, ვინაიდან მეც გახლდით საჯარო პირი და თურმე მე მქონდა თმენის ვალდებულება“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლების კუთხითაც,

„ამ გადაწყვეტილებით პრაქტიკულად დადგინდა, რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს სრულ ცილისწამებას ადამიანის მისამართით და მისი რეპუტაციის შელახვას. ეს გახლავთ ადამიანის უფლებებებზე და ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაზე სერიოზული ზეწოლის ფაქტი და ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აქვს პრევენციული მნიშვნელობა. ცენტრ „ემპათიას“ მისამართით, რომლის მთავარი ფუნქციაა, წამების მსხვერპლთა დოკუმენტირება, შემდგომი რეაბილიტაცია და ექსპერტიზის ჩატარება, არაერთგზის ყოფილა მცდელობა ასეთი ზეწოლის და ზემოქმედების, განსაკუთრების იუსტიციის მინისტრებისა და ციხეების ადმინისტრაციული სტრუქტურების მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ მისი წინამორბედის პოზიციები გაიზიარა. ისინი გავეშებულები და გააფთრებულები იცავდნენ ქართული სასამართლოების მაშინდელ გადაწყვეტილებას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენს ხელისუფლებას კარგად არ აქვს გაცნობირებული თუ რასთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

„ემპათიას“ ხელმძღვანელი მის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ევროსაბჭოს რეკომენდაციებს ელოდება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნის აუცილებლობაზეც საუბრობს, რათა ადამიანის უფლებებზე მომუშავე პირების დაცულობა გარანტირებული იყოს.

„დაველოდებით ევროსაბჭოს რეკომენდაციებს, რაც იქნება გაცემული საქართველოზე და ასევე მოვითხოვთ, რომ გამკაცრდეს ქართული კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებით ეს ეხებათ ექიმებს, რომლებიც მუშაობენ რისკის ზონაში და ექსპერტებს, რომლებიც ახდენენ ასეთი ფაქტების გამოვლენას და დოკუმენტირებას. საქართველოში უნდა შეიქმნას სპეციალური კანონმდებლობა, ასეთი ადამიანების დამოუკიდებლობის გარანტირებისთვის , უსაფრთხოებისთვის და მათი დაცვისთვის. მსგავსი ტიპის ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში, უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g