LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავსაჯოთ ვინც დასასჯელია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბავშვებს ვასწავლით, თავის მშობლებს სტრასბურგში უჩივლონ, ამაზრზენია“ – მიტროპოლიტი ნიკოლოზი ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე

215
Untitled design (1)

„ყოველგვარ ძალადობას, ყოველგვარ უზნეობას, აღვირახსნილობას, პირველ რიგში, ეკლესია ემიჯნება და მინდა დაბეჯითებით გითხრათ, თუ არა მხოლოდ ოდნავ მაინც დადასტურებული ინფორმაცია, არამედ რაიმე ეჭვი გვაქვს, ჩვენ თვითონ აუცილებლად ყველაფერს ვიძიებთ“, – ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და  კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა „ფორმულასთან“ განაცხადა და გამოეხმაურა სარჩელს, რომლითაც „საფარი“ ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე სტრასბურგს მიმართავს.

როგორც მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, ბენეფიციარებისთვის მეუფე სპირიდონი მამასავითაა.

მისივე თქმით, „ბავშვი რომ მშობელს სასამართლოში უჩივის, ეს ფრანგული რევოლუციიდან წამოსული სურნელებაა“.

„თქვენგან გავიგე ამ „საფარის“ არსებობა. პირადად ჩემთვის არავის არასდროს მოუმართავს, ჩემს ეპარქიაში ხდებოდა ეს, მე არ მაქვს ეს პასუხისმგებლობა, რადგან მე ამ ამბებში ჩართული არ ვიყავი.

რაც შემეძლო, ყველაფერი გავარკვიე.

ამას მეორე მხარე აქვს – რაზე ვართ ორიენტირებული? ბენეფიციარებმა კი არა, მე რომ მითხრათ, სტრასბურგში უნდა ვიჩივლო რამეზე, წარმოდგენა არ მაქვს, ეს როგორ ხდება, ვის უნდა მივმართო ისიც კი არ ვიცი, ასე რომ ბენეფიციარებს, პირობითად, ეს ვიღაცამ შესთავაზა.

ესენი არიან მშობლის ზრუნვას მოკლებული ბავშვები, ბევრი მათგანი ქუჩიდან არის გამოყვანილი, საუბარია 1990-იანის ბოლო, 2000-იან წლებზე, მეც კი ვმონაწილეობდი ამაში – პირდაპირ ქუჩიდან მოგვყავდა ბავშვები და როგორც შეგვეძლო, ისე ვუვლიდით.

მარტო ნინოწმინდის ბავშვთა სახლი კი არ არის, ბევრი ბავშვთა სახლი იყო და რა თქმა უნდა, იქ გადაცდომები აუცილებლად იქნებოდა, მაგრამ მე პირადად, რომ მოიყვანეს, ბევრი ბავშვისგან ისეთი აღსარება მაქვს მიღებული, თმები ყალყზე რომ დაგიდგება და ჩვენ ეს ბავშვები გადავარჩინეთ.

დღეს ეს ბავშვები იზრდებიან და ვის უჩივიან სასამართლოში? მამას. მეუფე სპირიდონს, რომელმაც ამ კონკრეტულ სიტუაციაში როგორც შვილები, ისე გაზარდა. ვიღაც უჩივის და მე შემიძლია ისეთი ადამიანები გაგაცნოთ, რომლებიც იძახიან, როიმ მათთვის ის როგორც ნამდვილი მამა, ისე იყო.

ბავშვი რომ მშობელს სასამართლოში უჩივის, იცით, ამას რისი სუნი აქვს? ძალიან ცუდი, ეს ფრანგული რევოლუციიდან წამოსული სურნელებაა და ეს არის შემდეგ ის, რაც კომუნისტურმა რეჟიმმა საბჭოთა კავშირში გაიმეორა – პავლიკ მოროზოვი, რომელმაც მშობლებზე ხელი აღმართა..

სახელი და გვარიც არის შემორჩენილი – კალე ფედოსიშვილი, ასეთი ვიღაც იყო, ვიღაც ვიგინდარა პოეტი, რა დაუწერია იცით? „მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, თუ რევოლუცია მიბრძანებს ამას“ – ხოდა, ასეთი ბავშვები გვინდა რომ გავზარდოთ?“, – თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე – ბავშვები იტყუებიან, როდესაც ძალადობის შემზარავ ფაქტებზე საუბრობენ?, მეუფემ განაცხადა:

„იცით რაშია საქმე? ბავშვები ბევრნაირები არიან, საუბრობენ ძალადობის შემზარავ ფაქტებზე. საინტერესოა, ჩემთან არც ერთი ბავშვი მოსულა. არ გაგვირკვევია, იქ სხვა ბავშვები არიან, ამ ბავშვების ნალაპარაკევი იმათ ნალაპარაკევს შევადაროთ, დასაზუსტებელია ეს ყველაფერი, გავარკვიოთ. მე წინააღმდეგი კი არ ვარ, დავსაჯოთ ვინც დასასჯელია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბავშვებს ვასწავლით, თავის მშობლებს სტრასბურგში უჩივლონ [მშობელი, ნამდვილი მამა იყო სპირიდონი] ამაზრზენია“, – თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

პანსიონში ბავშვების მხრიდან იყო გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები – ვიზიტებს გავაგრძელებთ: ნინო ლომჯარია

თუ ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რამე, არ ვარკვევთ ბავშვი მართალია თუ მტყუანი, ის თანამშრომლები ჩვენთან აღარ დაიშვებიან: მეუფე იაკობი

პოპულალურები