LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა

142
გიორგი ანწუხელიძე

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის არის საქმე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”, რომელიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხება.

აღნიშნული საქმის ფარგლებში, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა.

საქმე ძირითადად ეხებოდა განმცხადებლების საჩივრებს 2008 წლის 9-დან 11 აგვისტომდე პერიოდში სამი ქართველი სამხედრო ტყვეს წამებისა და მკვლელობის ფაქტებს. ასევე 2008 წლის 9-დან 19 აგვისტომდე პერიოდში სხვა გადარჩენილი სამხედრო ტყვეების სავარაუდო წამებას.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლები დაარღვია.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა: მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება და გამოძიება) დარღვევა ბატონი უშანგი სოფრომაძის, ბატონი კახაბერ ხუბულურის და ბატონი გიორგი ანწუხელიძის პატიმრობაში გარდაცვალებით. მე-3 მუხლის (არასათანადო მოპყრობა და გამოძიება) დარღვევა უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, გიორგი ანწუხელიძის, დავით მალაჩინის, ზაზა კავთიაშვილის, იმედა ქუტაშვილის, მალხაზ მელაძის და კახაბერ ზირაქაშვილის წამებით“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ამასთან, სასამართლომ რუსეთს დაავალა, რომ გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში გადაიხადოს კომპენსაცია არამატერიალური ზიანისთვის. კერძოდ 65 000 ევრო უშანგი სოფრომაძის ოჯახს; 65 000 ევრო კახაბერ ხუბულურის ოჯახს; 65 000 ევრო გიორგი ანწუხელიძის ოჯახს; 40 000 ევრო კი თითოეულ დანარჩენ მომჩივანს.

სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეიტანა.

სტრასბურგის სასამართლოში საიას მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეების მოგებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საია-ს თავმჯდომარე თამარ ონიანი.

„ისტორიული და ემოციური დღეა. რადგან ის სიმართლე, რომელიც ისედაც ვიცით, სტრასბურგის სასამართლოს მიერაც დადასტურდა.

ეს არის 2021 წელს სახელმწიფოთაშორისი საქმის გადაწყვეტიდან (Georgia v. Russia II) პირველი შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალურ საქმეებში სასამართლომ განიხილა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის საკითხი სამხედრო ტყვეებთან მიმართებით და ავტომატურად არ თქვა, რომ საომარი მოქმედებების შეფასებებში ვერ შევიდოდა. [ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არ მარტო, საქართველოსთვის, არამედ კონვენციური სისტემისთვისაც].

რუსეთის ფედერაციამ მოკლა გიორგი ანწუხელიძე;

რუსეთის ფედერაციამ მოკლა კახაბერ ხუბულური;

რუსეთის ფედერაციამ მოკლა უშანგი სოფრომაძე;

რუსეთის ფედერაციამ აწამა გიორგი ანწუხელიძე;

რუსეთის ფედერაციამ აწამა უშანგი სოფრომაძე;

რუსეთის ფედერაციამ აწამა კახაბერ ხუბულური;

რუსეთის ფედერაციამ აწამა დავით მალაჩინი;

რუსეთის ფედერაციამ აწამა ზაზა კავთიაშვილი;

რუსეთის ფედერაციამ აწამა იმედა კუთაშვილი;

რუსეთის ფედერაციამ აწამა მალხაზ მელაძე;

რუსეთის ფედერაციამ აწამა კახაბერ ზირაქაშვილი.

რუსეთის ფედერაციამ არ გამოიძია არც ერთი ეს საქმე.

ეს საქმეები გაიგზავნა 2009 და 2010 წელს. მათზე 18 წლის განმავლობაში, სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე იმუშავა ამ პერიოდიდან საიას ყველა თაობამ დღევანდელ დღემდე.

ამ საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოში სიმართლის დადგენა არის ამ ქვეყნის ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესი.

ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სამშობლო და მისი სუვერენიტეტი სწორად ესმის“, – წერს თამარ ონიანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები