რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე და მის გმირობაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
ელოშვილი წერს, რომ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ადამიანთან ანწუხელიძის გმირობაზე კამათი მოუვიდა, სახლში მიმავალმა გაიაზრა, რა შეეძლო გაეკეთებინა 23 წლის ჯარისკაცს, რომელიც არჩევანის წინაშე აღმოჩნდა.
„გუშინ ერთ უგუნურთან კამათი მომივიდა, ანწუხელიძემ რა ქნა, ტყვედ ჩავარდაო… დიდხანს ვცდილობდი ამეხსნა, მაგრამ იძახდა, ვინც ისე იომა, რომ ვერ დაიჭირეს, ის რატომ არ არის მასზე დიდი გმირიო?!“ – წერს ელოშვილი.
რეჟისორი ხაზს უსვამს, რომ გიორგი ანწუხელიძეს შეეძლო გადარჩენილიყო, ოჯახს დაბრუნებოდა და ომის ვეტერანის სტატუსით მშვიდად გაეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა მან საკუთარი პოზიციების, თანამებრძოლებისა და სამშობლოს ღალატი არ აირჩია.
„წამოვედი სახლში და გზად ვფიქრობდი… რა ქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის უმცროსმა სერჟანტმა, გიორგი ანწუხელიძემ…
მასზე მეტია სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი, მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი, ბრიგადის გენერალი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი და მთლად გენერალი…
ხოდა რა უნდა ექნა რიგითზე ერთი საფეხურით მეტს… 23 წლის ალვანელ ბიჭს…
მოდი ჯერ ვთქვათ რა არ ქნა…
შეეძლო ერთ ბოდიშად სახლში მოსულიყო… შეეძლო ერთ ბოდიშად მაკასთან და ლევანთან სახლში დაბრუნებულიყო… შეეძლო ერთ ბოდიშად ანა ანწუხელიძის დაბადებას მოსწრებოდა… შეეძლო ომის ვეტერანი ყოფილიყო, პენსიით და დიდი პატივით… შეეძლო… ბევრი რამ შეეძლო! მაგრამ საკუთარი პოზიციების თქმა ვერ შეძლო… თავის ბიჭების გაცემა ვერ შეძლო… დროშაზე ფეხის დაბიჯება ვერ შეძლო… ვერ შეძლო არ ყოფილიყო, ის რისთვისაც დაიბადა… ვერ შეძლო გიორგი ანწუხელიძე არ ყოფილიყო!
ილიამ თქვა – შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავო… ხოდა… რაღაც კადრებია, ალბათ მხატვრული… სცენაა ასეთი, ხმა ისმის… – ანწუხელიძე! – ვარ! ხოდა… ანწუხელიძე… ხარ!!! 🇬🇪“, – წერს სანდრო ელოშვილი.
