დღეს, 18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა – გიორგი ანწუხელიძეს 42 წელი შეუსრულდებოდა.
სამშობლოსთვის შეწირული გმირის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს და გიორგი ანწუხელიძის ფოტოს აქვეყნებს მისი მეუღლე მაკა ჩიკვილაძე:
„დღეს შენი დაბადების დღეა, გიორგი…
შენ აღარ ხარ ჩემს გვერდით, მაგრამ ჩემი გულის ნაწილი სამუდამოდ შენთანაა. ამაყი ვარ, რომ შენი მეუღლე მქვია და ამაყი ვარ ჩვენი შვილებით.
შენი სახელი, შენი სიყვარული და შენი გმირობა არასოდეს გაქრება.
გილოცავ ზეციურ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო…
მიყვარხარ დღესაც, ხვალაც და მარადიულად.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.
9 აგვისტოს იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა და წამების შემდეგ ცემით მოკლეს. მას 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.
