საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, თიბისი, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა.
თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: მომხმარებლების მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური პროდუქტები, მომგებიანობა, ბაზრის წილი და კონკურენტული უპირატესობა სერვისების მიმართულებით.
2021 წელს, ფულის მართვის მიმართულებითა და ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, თიბისიმ, ბიზნესპროცესების გამარტივების მიზნით, ინოვაციური პროდუქტი – თანამედროვე Cash-in აპარატი დანერგა. აპარატი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს დღე-ღამის სასურველ მონაკვეთში, ადამინათან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ნებისმიერი რაოდენობის ნაღდი ფული – როგორც კუპიურების, ასევე მონეტების სახით, კომპანიის ანგარიშზე მომენტალურად ასახონ. პროექტის პირველ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ფილიალებში – 20, კლიენტი კომპანიების ტერიტორიაზე კი 30 აპარატი განთავსდება. პროდუქტი ფილიალებში რიგების განტვირთვას, მომხმარებლების დროის დაზოგვასა და მათ მიერ დიდი რაოდენობით ნაღდი ფულის უსაფრთხოდ მართვას უწყობს ხელს.
„ბიზნესკლიენტებისთვის მათ საჭიროებებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული მომსახურების შეთავაზების მიზნით, 2021 წელს, არასაკრედიტო პროდუქტების ეფექტურად მართვისთვის, ცალკე გუნდი ჩამოვაყალიბეთ. ეს მიმართულება მოიცავს სახაზინო ოპერაციებს, დეპოზიტებს, ნაღდი ფულის მართვის სერვისებსა და სხვა საოპერაციო პროდუქტებს. ჩვენი მომსახურებითა და პროდუქტებით, მუდმივად თანხვედრაში ვართ თიბისის მისიასთან – გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. სწორედ ამ მისიის პასუხი იყო Cash-in აპარატებიც “, – აცხადებს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
„პანდემიურ რეალობას დიდი გავლენა აქვს გლობალურად სახაზინო სექტორზე. სწორედ ამიტომ, ფულის ჭკვიანურად მართვა და სახაზინო სისტემები, არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლა. ჯილდო გადავეცით იმ ფინანსურ ორგანიზაციებს, რომლებიც მიმდინარე, უპრეცედენტო კრიზისის პირობებშიც კი ახერხებენ, რომ შეუფერხებელი და საუკეთესო მომსახურება შესთავაზონ კლიენტებს“, – ამბობს ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.