პარტია „გირჩის“ ლიდერისა და დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, უფლება არ აქვს, მის ამომრჩევლებს, პარლამენტში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ხილვის ბედნიერება“ მოაკლოს.
როგორც ხვიჩიამ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, დეპუტატების პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გარკვეულიყო.
„არ აურჩევია ჩვენი კოლეგები არავის ჩვენგან, ანუ პარლამენტის წევრებისგან, აქ მყოფი ხალხი აირჩია ქართველმა ხალხმა, შალვა ნათელაშვილი იქნება ეს, ბადრი ჯაფარიძე იქნება თუ ელენე ხოშტარია, მისი პარლამენტში ყოფნა-არყოფნის საკითხი ჩემი აზრით, ჩემი და ჩემი კოლეგების გადასაწყვეტი არ არის.
მე არანაირი უფლება არ მაქვს შალვა ნათელაშვილის ამომრჩეველს, ბატონი შალვას პარლამენტში ხილვის ბედნიერება მოვაკლო. რა უფლება მაქვს, ვინ მომცა ამის უფლება, რატომ უნდა მივიღო ამაში მონაწილეობა და იგივეს მოვუწოდებდი ჩემს კოლეგებს.“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, დღეს, სამი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.