ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წელს გასულ წელთან შედარებით 12,0%-ით გაიზარდა და 71,7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წელს მისი მოცულობა 38,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 11,9%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს მთლიანი ბრუნვის 44,9% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,1% – საშუალო, ხოლო 32,0% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40,8%, საშუალოზე – 25,4%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 33,8%.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წელს 50,8 მლრდ. ლარი (გასულ წელთან შედარებით 11,9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 31,6 მლრდ. ლარი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით 12,0 %-ით მეტი).
2017 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 708,2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 6,2%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 39,8% ქალია, ხოლო 60,2% – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 33,0% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20,5% – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 46,5% – მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 652,4 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით – 5,2%-ით მეტი).
საქსტატის ინფორმაციითვე, საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 8046,4 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით 14,6 %-ით მეტი). 2017 წლის საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1019,7 ლარს გაუტოლდა (გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 81.4 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 764,4 ლარი (გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 48,0 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
- მსხვილი ბიზნესი – 1195.9 ლარი,
- საშუალო ბიზნესი – 1196.9 ლარი,
- მცირე ბიზნესი – 776.1 ლარი.
2017 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 45,7% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა – 11,9%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა – 9,8%-იანი წილით, ხელოვნება, გართობა და დასვენება 8,6%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,6%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 4,1%-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,3% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.
2017 წელს ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (22,0%) და მშენებლობა (19,9%), შემდეგ მოდის ვაჭრობა (16,6%) და ტრანსპორტი და დასაწყობება – 9,6%-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31,9 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2017 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26,0%, 13.1% და 10,8%-იანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (9,8%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8,0%), და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (6,0%):
რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
- ქ. თბილისი – 63.9%,
- აჭარის ა.რ. – 8.3%,
- ქვემო ქართლი – 7.7%,
- იმერეთი – 5.9%,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.5%
რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:
- ქ. თბილისი – 71.2%,
- აჭარის ა.რ. – 7.2%,
- ქვემო ქართლი – 6.0%,
- იმერეთი – 4.9%,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.3%
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:
- ქ. თბილისი – 61.8%,
- აჭარის ა.რ. – 9.9%,
- იმერეთი – 7.3%,
- ქვემო ქართლი – 5.9%,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.2%.