უკრაინა-რუსეთი ომის ზღვარზე – აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, რადგან დღეს ან ხვალ შეიძლება ომი დაიწყოს.
კითხვაზე დგას თუ არა საქართველო რაიმე სახის საფრთხის წინაშე – მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ „ამ ეტაპზე საქართველოსკენ მომართულ საფრთხეს ვერ ხედავს“, თუმცა არ გამორიცხავს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, თავისი გავლენების გაფართოება მოინდომოს.
მისივე განმარტებით, რუსეთის მისამართით შესაძლო სანქციების დაწესებას, რუსეთზე გავლენა აქვს და ექნება კიდეც.
„საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა რუსეთ-უკრაინის საზღვართან. კონცერტრირებულია ორივე მხრიდან ძალიან სერიოზული შეიარაღება და ის პროგნოზი, რომ დღეს ან ხვალ შეიძლება ომი დაიწყოს, შორს არ არის სიმართლისაგან, თუმცა მე ვვარაუდობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.
რაც შეეხება საქართველოს. ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ საქართველოსკენ მომართულ საფრთხეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ რუსეთმა წარმატებას მიაღწია უკრაინაში, არ მოინდომოს თავისი გავლენების გაფართოება პოსტსაბჭოთა სივრცეზე და არ დაიწყოს საქართველოსთანაც. ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ მანამდე სერიოზული დიპლომატიური ნაბიჯებია გადასადგმელი.
რუსეთის მისამართით შესაძლო სანქციების დაწესებას, რუსეთზე გავლენა აქვს და ექნება კიდეც. განსაკუთრებით უახლესი ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით. რუსეთს ძალიან გაუჭირდა ტექნოლოგიების მიღება. მათ ეკონომიკას უკვე დაეტყო, მაგრამ, როდესაც რუსეთს ჰყავს ისეთი სერიოზული მხარდამჭერი, როგორიც არის ჩინეთი, ძალიან რთულია, რომ სანქციების მეშვეობით, რუსეთის ეკონომიკური სიძლიერე დაამუხრუჭოს“, – აცხადებს არეშიძე.
მამუკა არეშიძე საქართველოს ხელისუფლების მიერ მომზადებულ, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასაც ეხმიანება.
„რეზოლუციებით არ კეთდება პოლიტიკა. ვთვლი, რომ საქართველოში ატეხილი ამბავი ამ რეზოლუციის გარშემო „ჭიქაში ქარიშხალია“. პოლიტიკა კეთდება კულუარულად. საქართველოს თავისი პატარა წვლილის შეტანა შეეძლო და შეუძლია დიპლომატიურ ასპარეზზე აქტიურობით,თუნდაც იმ კუთხით, რეგიონული პოლიტიკა, რომ გაეაქტიურებინა, ან გაააქტიუროს მომავალში.
პირველი ხელისუფლებაა “ქართული ოცნება”, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა: კობახიძე
ბოლო წლებში ომი არ ყოფილა, მაგრამ მერე რა? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ ხიფათისთვის გვერდით ავლის ფონზე განსაკუთრებულ ნახტომს მიაღწია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. რაღაც შედეგი ხომ უნდა ჰქონდეს იმას, რომ ომი არ არის. ომი არ ყოფილა, მაგრამ შეიძლებოდა ბევრი რამის გაკეთება, თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის და ასევე ეკონომიკური განვითარების კუთხით ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.