პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი შალვა კერესელიძე უმრავლესობის წევრს სოზარ სუბარს მიმართავს და ამბობს, რომ გიორგი გახარიას უსაფუძვლო ლანძღვით, სუბარი “ქართული ოცნების” წმინდანად იქცევა.
როგორც კერესელიძემ აღნიშნა, სუბარი ისტორიას, შესაძლოა, “ქართული ოცნების” წმინდა სოზარის სახელით შემორჩეს:
“საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის თავმჯდომარე ბრძანდებით და ვფიქრობ, უმჯობესია, რომ რეგიონში არსებულ პრობლემებზე ვიფიქროთ და იმ ხალხს დაპირებები შევუსრულოთ, რომ დაპირება ისევ დაპირებად არ დარჩეს. ისევე როგორც 2019-20 წლებში არხოტიანელებს და გუდამაყრელებს შეჰპირდით რაღაცებს, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. დიახ, თქვენს იმედად მეც შევპირდი, მაგრამ შემდეგ გაიწიეთ, ხელები ასწიეთ და მე მითხარით, შენ მიხედეო.
ისევე როგორც, გრემის ხევის ხეობის კონფლიქტის ზონის სოფლებს, გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლიდან ყველა ხელისუფლება ჰპირდებოდა, მაგრამ არ უსრულებდა. მე დავპირდი და შევუსრულე კიდევაც და ეს პროექტი მალე დასრულდება, იმიტომ, რომ გახარიას გაპრიემერებამ სულზე მოგვისწრო და დამეხმარა და ვინ იცის კიდევ, რამდენი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, მთაში თუ ბარში.
მარტო გუდამაყარში გოდერძი ჩოხელის დამშვენებული და აშენებული მუზეუმის გახსნა და სიტყვით გამოსვლა არ არის საკმარისი, მთავარი აშენება და გაკეთებაა და მე ვფიქრობ, გიორგი გახარიას დაუსრულებელი და უსაფუძვლო ლანძღვა-გინებით, პარტიის წმინდანად იქცეთ და საქართველოს ისტორიას, ქართული ოცნების წმინდა სოზარის სახელით შემორჩეთ. ადამიანური ურთიერთობა და ადამიანური მორალი ძალიან ძვირფასი და ზეპარტიული საკითხია”, – განაცხადა კერესელიძემ.
მისივე განცხადებით, მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ზოგიერთი წევრი, რეგიონებში შექმნილი პრობლემების მოგვარების ნაცვლად ერთმანეთის კრიტიკით და ცილისწამებით არის დაკავებული:
“ცილისწამება ვახსენე და ჩემი დღევანდელი პოლიტიკური განცხადება ეხება იმ ყოვლად უსაფუძვლო ცილისწამებასა და ბრალდებას, რასაც მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი, ჩვენი გუნდის ლიდერის მიმართ არ იშურებენ და ცდილობენ, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდებებით და ცილისწამებებით მოსახლეობა დააჯერონ, თითქოს გიორგი გახარიას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდა, თითქოს გიორგი გახარიამ ნაციონალებთან კოალიცია შეკრა, თითქოს გიორგი გახარია კოკაინშიკია და ვინ იცის რამდენი მსგავსი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ.
მე მესმის თქვენი, რომ ჯერჯერობით ვერ შეეგუეთ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ძალაუფლების დაკარგვას, მაგრამ ეს რეალობაა და სჯობს შეეგუოთ. მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს, რატომ უცხადებთ ბოიკოტს საკუთარ ხალხს და არ შედიხართ საკრებულოებში.
ბატონო სოზარ, განსაკუთრებით თქვენი გამკვირვებია, რომ ბრძანებთ გიორგი გახარია და მისი გუნდი ნაციონალებს შეეკრაო, უკაცრავად, მაგრამ მელია და რურუა ნეტავ ვინ გაათავისუფლა და ვინ შეიწყალა, გიორგი გახარიამ? თუ “ქართულმა ოცნებამ”?
ყველაზე კარგად თქვენ იცით, რამდენი ყოფილი ნაციონალი შეიფარა “ქართულმა ოცნებამ”. ძალოვანი თუ არაძალოვანი. პორტირებული ნაცები, მუტაცია განცდილი ნაცები, გაქოცებული ნაცები, ადამიანები, რომლებიც 2012-ში თქვენს წინააღმდეგ ნაციონალების დროშებით იბრძოდნენ და დღეს კიდევ ყვარყვარეებად არიან წარმოდგენილები. თუნდაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ავიღოთ. ისევე თქვენი პარტიის წევრების განმარტებით, რამდენი მოქმედი, ყოფილი თუ “გაქოცებული ნაცი” დააყენეთ მუნიციპალიტეტის მერობისა თუ სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატად. მაგრამ საქმეა რაშია იცით? რასაც თქვენ ბრძანებთ, შინაგანად თვითონაც არ გჯერათ, ესაა რეალურად თქვენი სიმართლე”,- მიმართ კერესელიძემ სუბარს.