LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ნებისმიერი საქმის კეთებისას მთავარი პროფესიონალებთან თანამშრომლობაა” – ნათია მეფარიშვილის ,,წარმატების ფორმულა”

43
mefarishvili

გადაცემის ლაივი LIVE

14 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ მეწარმე ქალთა საბჭოს თავმჯდომარე, ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია მეფარიშვილი სტუმრობდა, რომელმაც საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ქალბატონო ნატია, რამდენიმე დღის წინ გადატანილი მიწისძვრის ფონზე, ძალიან საინტერესოა როგორ ერევით შიშს და გაქვთ თუ არა ფობიები?

– სიმართლე ვთქვა, ისე ვიყავი საქმეში ჩართული საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი და მხოლოდ მოგვიანებით გავიგე ფეისბუქიდან. მიხარია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ნგრევას, მსხვილ ზარალს გადავრჩით.

– როგორ შეაჯამებთ გასულ წელს და სიახლეებით ხვდებით 2022 წელს?

– ყოველთვის ხელოვნების და შემოქმედების გულშემატკივარი ვიყავი, რადგან სწორედ  კულტურაა ჩვენი ქვეყნის მთავარი განძი. უნიკალური პროექტი განვახორციელეთ გასულ წელს, რომელიც 2020-ში დავიწყეთ და ძალიან გავრისკეთ, რადგან კარანტინის პირობებში წამოვიწყეთ და ვშიშობდით, რომ ვერ შევძლებდით ბოლომდე მიყვანას. სამწუხაროდ, კორონავირუსმა ხელოვნება, შემოქმედებითი ადამიანები აზარალა ყველაზე მეტად და ჩვენც სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მათი მხარდაჭერა. ჩვენი პროექტი – ერთგვარი გლობალური პლატფორმაა, რომელიც პირველ რიგში ხელოვან ქალბატონებზეა ორიენტირებული. საერთო ჯამში, 280 მოყვარული და პროფესიონალი მხატვარი, მათ შორის 12 უცხოელი ხელოვანი შევარჩიეთ, რომელთაც საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს ფართო საზოგადოებას. მიხარია, რომ თბილისის მერიასა და ჰოლანდიის საელჩოსთან ერთად, პროექტს ევროკავშირმაც დაუჭირა მხარი. დღესაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ესტუმროს ვებგვერდს weekofart.com და საკუთარი თვალით ნახოს გრანდიოზული გამოფენა. სხვათა შორის, საკმაოდ რთულ საქმეს შევეჭიდეთ, რადგან ფიზიკურ სივრცეზე უარის თქმა და ე.წ. ვირტუალურ სივრცეში გადანაცვლება მოგვიხდა. მიხარია, რომ პროექტი წელსაც გაგრძელდება ბევრად მეტი ხელოვანის მონაწილეობით და თუ მანამდე მხოლოდ ფერწერული ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, ახლა სხვა სფეროებს, მათ შორის თექასა და კერამიკასაც გააერთიანებს.

– რა გაძლევთ ახალ პროექტებზე მუშაობის სტიმულს?

– ახლის შექმნის სურვილი მეტწილად საჭიროებებიდან გამომდინარე ჩნდება. უამრავი სფეროს წარმომადგენელს ვხვდები და სწორედ მათთან საუბრისას ჩნდება იდეა, რომელიც იხვეწება და ახალ პროექტად ყალიბდება. ხშირად ვუმეორებ სტუდენტებს, რომ სწორედ ისინი არიან მაძიებლები, ჩვენ – აკადემიური სფეროს წარმომადგენლები კი, მხოლოდ მოდერატორები. ვფიქრობ, მთავარი ძიებაა, რადგან სხვაგვარად არაფერი არ შეიქმნება.

– რამდენად შთაგაგონებთ სტუდენტებთან ურთიერთობა ახალ პროექტებზე?

– სამწუხაროდ, სტუდენტებთან ერთად შექმნილი პროექტებით ჯერ ვერ დავიკვეხნი, რადგან საგანი, რომელსაც ვასწავლი, მხოლოდ ერთი სემესტრი გრძელდება, მერე კი, ერთმანეთს ვემშვიდობებით, თუმცა მთავარი მაინც მათი განწყობაა, რადგან უმეტესობას ცვლილებების არა მხოლოდ სურვილი აქვს, არამედ განხორციელებასაც ახერხებს.

– საკმაოდ რთული და მრავლისმომცველი დისციპლინაა ორგანიზაციული ქცევა. საინტერესოა, რა ითვლება ყველაზე გავრცელებულ სტერეოტიპად?

– როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ქართულ კომპანიებში მთავარ პრობლემად ისევ ქალი რჩება, რადგან ითვლება, რომ ქალის დაქირავება უფრო სარისკო და საფრთხის შემცველია, ვიდრე მამაკაცის, ამიტომ ქალბატონების კარიერა ბევრად რთულად და ნელა ვითარდება. გარდა ამისა, წამყვან პოზიციებზე ქალები უფრო ნაკლებად არიან წარმოდგენილი, ვიდრე მამაკაცები. თუმცა, მსგავსი პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია, მათ შორის სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც გენდერული თანასწორობა თითქოს იდეალურადაა დაცული.

– პირადად თუ გამოგიცდიათ გენდერული დისკრიმინაცია?

– წლების წინ მეც ხშირად მქონდა მსგავსი შემთხვევები.

– საოცნებო პროექტები თუ გაქვთ, რომელთა განხორციელება ჯერ ვერ შეძელით?

– ბევრი პროექტი მაქვს, თუმცა ყველას თანამიმდევრობით, შესაბამის დროსა და საჭიროებიდან გამომდინარე ვახორციელებ. მიხარია, რომ ჩვენს გუნდში ერთნაირი ფასეულობების ადამიანები შევიკრიბეთ, ერთად ვმუშაობთ და წარმატებასაც ვინაწილებთ. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ მარტის თვეში ახალ პროექტს წარვადგენთ, რომელიც ქართველ, აზერბაიჯანელ მეწარმე ქალებს გააერთიანებს და მათ გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. ერთწლიანი პროგრამა ინტენსიურ ტრენინგებს, ერთობლივ ფორუმს და ძალიან საინტერესო კონკურსს მოიცავს, რომელიც ქალბატონების შესაძლებლობებს დარგების მიხედვით გამოავლენს.

– რა თვისებების გათვალისწინებით ირჩევთ თანამშრომლებს, ვისთან უფრო კომფორტულია მუშაობა?

– ნებისმიერი საქმის კეთებისას მთავარი პროფესიონალებთან თანამშრომლობაა. ძალიან დიდი შეცდომაა, როცა დამქირავებელი მხოლოდ საკუთარ ბიუჯეტზე ზრუნავს და საბოლოო შედეგით რისკავს, რადგან გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გარეშე ვერასდროს მიიღებს სასურველ შედეგს. ჩემთვის უცნობ პროექტზე მუშაობისას, ყოველთვის პროფესიონალებს მივმართავ რეკომენდაციისთვის, რადგან სხვა შემთხვევაში შრომა უშედეგო იქნება. სამწუხაროდ, კერძო სექტორშიც იგივე პრობლემაა, ფინანსების დაზოგვის სურვილით, ხელმძღვანელები ხშირად ასაქმებენ ნაკლებად კომპეტენტურ ადამიანებს, რომელთაც ძალიან უჭირთ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. ვფიქრობ, ნებისმიერი ამოცანის შესრულება შეიძლება, თუ ზუსტად ვიცით რა გვინდა და როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

– რა შემთხვევაში წყვეტთ საქმიან ურთიერთობას?

– ყველა პროექტს პასუხისმგებლობით ვეკიდები, ამიტომ ყოველთვის საბოლოო შედეგზე ვარ ორიენტირებული. შესაძლოა ყველაფერი ჩემი გათვლით არ წარიმართოს, მაგრამ შუა გზაზე მაინც არაფერს ვტოვებ, რადგან ყველაფრის ბოლომდე მიყვანა მიყვარს.

– უამრავ სფეროში მოსინჯეთ საკუთარი შესაძლებლობები. სად გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ძალიან გამიჭირდება პასუხის გაცემა, რადგან ყველაფერი მიყვარს, რასაც ვაკეთებ.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას ყოველთვის სწრაფად ვიღებ ერთის მხრივ, გამოცდილების ხარჯზე, მეორეს მხრივ, საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, მით უფრო, რომ თანამედროვე ბიზნესში სწორედ სწრაფი აზროვნებაა საჭირო, რათა შანსი არ დაკარგო და შენი ადგილი სხვამ არ დაიკავოს.

ბლიცკითხვები:

– რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს სამზარეულოში?

– პანდემიის და კარანტინის პერიოდში ძალიან გავიწაფე სუშის კეთებაში, რაც მანამდე აბსოლუტურად წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.

– როგორ ახერხებთ ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაში ყოფნას?

– მთავარი განწყობაა, რომელიც ყველა ძვირადღირებულ საცხზე ეფექტურია.

– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?

– მეგობრებთან ერთად, რადგან ძალიან განსხვავებული ადამიანები არიან და ყოველთვის განსხვავებულად ვისვენებთ. თუმცა, პირადი სივცეც მაქვს, სადაც რასაც მინდა იმას ვაკეთებ.

– სპორტის რა სახეობა გიტაცებთ?

– ძალიან მიყვარს თხილამურები.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– შვილებს.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– არა. მართალია, ბავშვობაში ყველა მეგობარს რაღაცის კოლექცია ჰქონდა, თუმცა თვითონ არაფერი შემიგროვებია. მოგვიანებით დავფიქრდი და მივხვდი, რომ ყოველთვის საბოლოო შედეგზე ვიყავი ორიენტირებული და არასდროს მესმოდა როდის და რა შედეგით უნდა დასრულებულიყო რაიმეს შეგროვება.

– მოსმენა უფრო მოგწონთ თუ რაიმეს თხრობა?

– ვფიქრობ, ორივე მნიშვნელოვანია.

– რომელ ბრენდს ანიჭებთ უპირატესობას?

– ბრენდებს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. მთავარია სამოსი ჩემს სტილს და ხასიათს მოერგოს.

– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ვფიქრობ, ყველა ბავშვობის ოცნება ავისრულე და ახლა სწორედ იმას ვაკეთებ, რაზეც წლების წინ ვოცნებობდი.

– რა თვისებას აფასებთ საკუთარ თავში?

– მიმტევებლობას.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ყველას ინდივიდუალური წარმატების ფორმულა აქვს, ამიტომ ძალიან გამიჭირდება ზოგადი ფორმისა და გამოსახულების მოძიება. ვფიქრობ, მთავარი საკუთარი თავის პოვნაა, ამგვარი ძიება კი, ყველაზე უკეთ პორტრეტში აისახება, მით უფრო, რომ მხატვრები ნებისმიერ პორტრეტში ცოტა საკუთარ თავსაც ხატავენ.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან მალე შევთავაზებთ ქალბატონებს ახალ პროექტს, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ჩვენს აზერბეიჯანელ პარტნიორებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები