LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლელა წურწუმია თავის მოვლაზე, ბოტოქსზე, სამოსზე და საყვარელ დიზაინერებზე: „არ მომწონს ფილერები. მირჩევნია, ბუნებრივად გამოვიყურებოდე…“

2733
lelawurwumia-fortuna

ლელა წურწუმია, რომელსაც ახლახან 53 წელი შეუსრულდა, აგრძელებს საზოგადოების გაკვირვებას საკუთარი გარეგნული იერით, თამამი და გემოვნებიანი ჩაცმულობით და სიახლეებით, რომლებსაც მუდმივად გვთავაზობს. ბოლო პერიოდში ლელას ფოტოებმა, რომლებიც მეუღლემ დუბაიში დასვენებისას გადაუღო, სოციალური ქსელები და ინტერნეტ მედია სრულად მოიცვა… ლელას ვკითხეთ, როგორ ახერხებს მუდმივად აქტუალობის შენარჩუნებას და როგორ ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე…

ლელა, თქვენი ერთ-ერთი ფოტო, სადაც შეიხა მოზას მიგამსგავსეს, დუბაიში დასვენების დროს მამულიჩამ გადაგიღოთ. ასეთ შეფასებებზე როგორი რეაქცია გაქვთ ხოლმე?

„ფეისბუქ“-მომხმარებელი არ ვარ, მაგრამ მაქვს „ინსტაგრამის“ გვერდი და იქ ვნახულობ პოზიტიურ მოსაზრებებს, რასაც ადამიანები გამოთქვამენ. ერთია სურვილი და მეორეა შესაძლებლობა, რომ კარგად გამოიყურებოდე. თუ გავითვალისწინებთ ჩემს პროფესიას, ბევრი ადამიანის ინსპირაცია ხდები. ისედაც ყოველთვის აინტერესებთ, რომელიც სცენაზე დგას და რაის პოპულარული, როგორ გამოიყურება, შემდეგ კი პატარა ნიუანსებსაც კი ამჩნევენ და სამწუხაროდ, არ გპატიობენ ხოლმე.

ჩემი ბავშვობიდან დავიწყებ, დედაჩემი სულ მოწესრიგებული იყო. დღის განმავლობაში იშვიათად მინახავს უმაკიაჟოდ, იყო სულ მოვლილი და მოწესრიგებული. შეიძლება მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ კარგია, როცა მოვლილ ქალს უყურებ და ეს თავადაც გსიამოვნებს. მომწონს და მიყვარს, როცა ვარ მოწესრიგებული. შემიძლია ვთქვა, რომ გენეტიკასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვერ გეტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ, მაგრამ მთელი ცხოვრება სპორტით ვიყავი დაკავებული, ვარჯიშსა და ცურვას ვგულისხმობ. ამას თავისი შედეგი გამოიღო, ამ ასაკში პატივი მცა და ჩემი ტანი კარგ მდგომარეობაშია, კარგი გენეტიკის გამო ტანიც ხელს მიწყობს, მაგრამ თავადაც მაქსიმალურად ვცდილობ.

თქვენ არ ხართ ზარმაცი, ბევრ ქალს ეზარება ამ პროცედურების ჩატარება…

ბევრს ეზარება და ზოგს საშუალებაც არ აქვს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენს ცხოვრებას თავად ვქმნით და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შინაგან მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ, მაინც ვცდილობ, პოზიტივი შევიტანო ჩემს ცხოვრებაში, გუნება-განწყობაში და ეს ძალიან მშველის, ანათებს გარეთ, შიგნით როგორც ხარ. მიუხედავად იმისა, რომ წლები მემატება და ვიცი, რომ აღარ გავახალგაზრდავდები, 21-ე საუკუნეში ბევრი საშუალება არსებობს, რომ არ დაბერდე. არსებობს ბევრი ინიექცია. მე მივმართავ ბოტოქსსა და ულტრაბგერით თერაპიას. სერიოზული და დიდი ჩარევები არ მიყვარს, ცხოვრებაში მეზოთერაპია და კოქტეილები არ გამიკეთებია. სახის მოვლის კარგი საშუალებები ძალიან მნიშვნელოვანია. არასდროს ვიტოვებ მაკიაჟს, აუცილებლად ვიწმენდ სახეს და სახლში ვიკეთებ სხვადასხვა ნიღაბს. ძალიან იშვიათად დავდივარ კოსმეტოლოგთან. შეიძლება, წელიწადში ერთხელ მივიდე. თავად ვიკეთებ მსუბუქ პილინგს. კრემების წასმის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიმართულებას, უმისამართოდ წასმა არ შეიძლება. მიმართულება უნდა მისცე, რადგან კუნთს აქვს მეხსიერება. არ ვიყენებ საშუალებებს, რაც ჰიალურონს შეიცავს, რადგან არ მიხდება შევსებული სახე, საშინლად არ მომწონს ფილერები. მირჩევნია, ბუნებრივად გამოვიყურებოდე. არ მიყვარს, როცა ადამიანს პლასტიკური ქირურგიის კვალი ატყვია. ზომიერება ზოგადად ყველაფერში მიყვარს. ლამაზადაც არ მიმაჩნია, ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა.

ახლა გაქვთ გრძელი თმა… 

უკვე მოვიხსენი, მიმაგრებული მქონდა. ისედაც ძალიან გრძელი თმა მაქვს და დამაინტერესა, როგორი იქნებოდა ძალიან გრძელი თმა. გავიკეთე ძალიან კარგ სპეციალისტებთან, იდეალური ნამუშევარი იყო, მაგრამ ვერ ვიგუე, ისედაც ბევრი თმა გვაქვს, ასეთი ჯიში გვაქვს… თმის დაგრძელებამ კიდევ დამამძიმა და დისკომფორტი შემიქმნა. ზუსტად ერთი კვირა ვატარე და მოვიხსენი. თმის ხარისხი ნამდვილად გენეტიკურია, მაგრამ ამის გარდა, თმას ძალიან ვუვლი. ჩემს თმას სტრესული გარემო აქვს, ხშირად ვიღებავ და ვიყენებ თმის ლაკს და სხვა საშუალებებს. ვიყენებ კარგ ხარისხიან შამპუნს და შრატებს, რომ თმა არ გამოშრეს. თმის ინიექციებს არ ვიყენებ, რადგან არ მჭირდება.

წლების განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი კვების რაციონი?

პური საერთოდ ამოვიღე კვებიდან. შაქარს ვერ შეველიე უბრალოდ, რადგან უშაქრო ჩაი და მით უმეტეს, ყავა არ მიყვარს. საღამოს შვიდი-რვა საათის შემდეგ ვცდილობ, არაფერი მივირთვა. დილა ჩემთვის იწყება ხილით, რადგან ხილის მირთმევა კარგია დღის პირველ ნახევარში, მაგრამ ხილთან ერთად არასდროს ვიღებ სხვა საჭმელს. ნაკლები ცხიმი, უფრო მეტი ბოსტნეული, ხორციც მიყვარს. ზოგადად, ძალიან მსუბუქად ვიკვებები. მინდა, წონა ასე იდეალურად მქონდეს. ეს ხომ ჩემი წონაა.

აღნიშნეთ, რომ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, მთელი ცხოვრება მოწესრიგებულ დედას რომ უყურებდით. თქვენს მარიკოზე თქვენი გარეგნული იერი როგორ გავლენას ახდენს?

მარიკოსაც ნელ-ნელა ვაჩვევ თავის მოვლას. ის ჩვენთან გადმოვიყვანე, ბებიასთან იზრდებოდა და ახლა ჩვენთან ცხოვრობს. უკვე ვასწავლი, როგორ უნდა მიხედოს გარეგნობას, რა რასთან უნდა ჩაიცვას და რა რას უხდება. მარიკო ბებიასთან რომ იზრდებოდა, მეტი აქცენტი სწავლაზე ჰქონდა. ხომ იცით, ამ თაობის ბავშვები სხვანაირადაც იცვამენ, მხოლოდ ჯინსი და ბოტასია აქტუალური. შეიძლება, ჩვენს დროს რომ არ იყო საშუალება, ამიტომაც გვქონდა უფრო მეტი ინტერესი. დღეს გემოვნების ამბავია, როგორი იმიჯი მოირგო და როგორი სტილი გქონდეს. ადამიანი როცა ირჩევს თავის სტილს, ეს დამთავრებული ამბავია. ასე რომ მარიკოს ნელ-ნელა ვუხსნი ყველაფერს. სხვათა შორის, ინტერესით მისმენს.

თუკი ლელა წურწუმიას სტილზე ვისაუბრებთ, უამრავი იმიჯი დაგვიტრიალდება თავში – მაგალითად, მე დღეს მომწონხართ ძალიან. თქვენ თქვენი თავი ყველაზე მეტად როდის მოგწონდათ?

მეც დღეს მომწონს ჩემი თავი, მაგრამ სხვადასხვა ეტაპზეც მომწონდა – ახალგაზრდობას რა ჯობია, თუმცა ვფიქრობ, ახლა კარგად გამოვიყურები. ვხუმრობ ხოლმე, რომ დრო გავაჩერე, მაგრამ რეალურადაც ასეა.

როგორ არჩევთ იმ დიდი ინფორმაციიდან თქვენთვის საინტერესო სამოსსა და აქსესუარებს? ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ხშირად გაცვიათ შავი და რა უნდა ამ ფერში სამოსის არჩევას, მაგრამ ეს ასე არ არის… 

სინამდვილეში, შავი ყველაზე პრეტენზიული ფერია. იმის გამო, რომ ჩემი სხეული ამ ეტაპზე ძალიან კარგ მდგომარეობაშია, მივეცი ჩემს თავს საშუალება, რომ ჩამეცვა ფერადი და გამჭვირვალე სამოსი. ვულგარულობასა და ელეგანტურობას შორის არის ზღვარი. როცა მე გამჭირვალე კაბა მეცვა, ამას არანაირი კრიტიკა არ გამოუწვევია და ყველა აღნიშნავდა, რომ იყო ძალიან ლამაზი. ბევრ რამეს ვითვალისწინებ სამოსის არჩევისას, მაგრამ მე არტისტი ვარ – შეიძლება, მოვირგო გამჭვირვალეც, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სასაცილო, რადგან ვითვალისწინებ ჩემს ასაკსაც. ის, რაც სხვაზე არ მომწონს, ჩემს თავს ვერ გავუკეთებ ნამდვილად. საკუთარ თავს კრიტიკულად ვუყურებ. სასცენო სამოსის შერჩევა ადვილი არ არის – რთულია, არ გასცდე იმ უხილავ ზღვარს, რომელიც თითქოს არ არსებობს, მაგრამ სინამდვილეში არსებობს.

თქვენთვის გემოვნების ეტალონი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ვინ არის?

ქართულ სცენაზე ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს არასდროს ბადალი არ ჰყავდა – მისი ჩაცმულობა იყო მუდამ თვალში მოსახვედრი, გასათვალისწინებელი და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა ყოველთვის. უცხოელებიდან ჩემთვის სტილის ეტალონი უიტნი ჰიუსტონი იყო…

არ ველოდი ამ პასუხს…

ხომ უცნაურია, იმდენად მაგარი მომღერალი იყო, რომ თითქოს მისი ჩაცმულობა არ უნდა მოგხვედროდა თვალში, მაგრამ ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე მის კლიპებსა და გამოსვლებს და მისი ჩაცმულობა იყო მუდამ ელეგანტური და შესაფერისი. ვიცი, ვისაც ელოდებოდით – ჯენიფერ ლოპესის დასახელებას ჩემგან. მომწონს, მაგრამ ყოველთვის არა. რაღაც მომენტებში ჩემთვის ცოტა ბევრია… იმდენი ადამიანი ზრუნავს მის იმიჯზე, თუკი ვინმე დიზაინერი ვიცით, ყველას აქვს მასთან ნამუშევარი. საოცარ შოუებს აკეთებს, ფანტასტიკურ ფორმაშია. სხვათა შორის, ჩვენ ტოლები ვართ, მაგრამ როგორც ჯეი ლო იცვამს სცენაზე, ასეთი ხომ არ გინახივართ? უფრო მომწონს სტილი, რომელიც უიტნი ჰიუსტონს ჰქონდა, ელეგანტური, სექსუალური. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, როცა სამოსს არჩევ. სამი წლის წინ, მაგალითად, იმ გამჭვირვალე კაბას ვერ ჩავიცვამდი…

რომელ ცნობილ დიზაინერთან იმუშავებდით პირადად?

დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ჟან პოლ გოტიესთან, ვგიჟდები მასზე, საოცრებაა… ასევე დოლჩე და გაბანასთან, რადგან ეს სტილი ძალიან მომწონს, სიამოვნებით ვიმუშავებდი Balmain-თანაც. სხვათა შორის 2018 წელს ამ ბრენდის კაბა მეცვა ფილარმონიის სოლოკონცერტზე, ამ კაბას ჩემს გარდერობში დღესაც საპატიო ადგილი უკავია. სცენაზე მე მაცვია ქართველი დიზაინერების სამოსი – ძირითადად, ავთანდილისა და დათუნა სულიკაშვილის.

დემნა გვასალია არ დაგისახელებიათ იმ დიზაინერებს შორის, ვისთანაც იმუშავებდით…

რენატა ლიტვინოვას გაუკეთა ფილმისთვის საოცარი კოსტიუმები. უნიჭიერესია დემნა, რაზეა ლაპარაკი. ჯერჯერობით არ ვიცი, როგორ სასცენო იმიჯებს ქმნის. დიდი სიამოვნებითა და ინტერესით ვიმუშავებდი, რა თქმა უნდა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g