გამოცემა The Insider–ის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა შორის, გარდა ოფიციალური პირებისა და სამხედროებისა, რუსი პროპაგანდისტებიც მოხვდნენ. ესენი არიან: ვლადიმირ სოლოვიოვი, მარგარიტა სიმონიანი, მარია ზახაროვა და პიოტრ ტოლსტოი. აღნიშნულის შესახებ გამოცემას ევროკავშირის სტრუქტურებიდან წყარომ დაუდასტურა.
რადიო „თავისუფლების“ რუსული ბიურო კი წერს, რომ სანქციებს შორის სიაში არიან: რუსეთის დუმის ვიცე–სპიკერი პიოტრ ტოლსტოი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა, სამთავრობო მედიის „Russia Today“ ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი და ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი.
ასევე, ამავე სიაში იმყოფებიან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო.
ცნობისთვის, საუბარია სანქციებზე, რომელიც რუსეთის დუმის 351 დეპუტატს და 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო. ეს გადაწყვეტილება კი ევროკავშირმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარა.
სანქციების თანახმად, ამ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველანაირი აქტივი ეყინებათ, ასევე ეკრძალებათ EU-ს ტერიტორიებზე შესვლა და ამ ტერიტორიების გავლით ნებისმიერი სახის ტრანზიტი.